ლუდოვიკ ჟიული:"დემბელე "ბარსელონაში" წარმატებას მიაღწევს"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ლუდოვიკ ჟიული მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე, უსმან დემბელე კატალონიურ გრანდში წარმატებას მიაღწევს.
"ის ძალიან სწრაფია. მან იცის, როგორ უნდა მოიქცეს ბურთთან ერთად, რაც "ბარსაში" წარმატების მისაღწევად აუცილებელია," - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა გუშინ, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ.
ჟიული, რომელიც კლუბის ღირსებას 2004-2007 წლებში იცავდა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 2006 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, გუნდის სამწვრთნელო შტაბს აფრთხილებს, რომ დემბელე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.
"მას სამუშაო ბევრი ექნება. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და თუ შრომისმოყვარეობას გამოიჩენს, "ბარსაში" წარმატებას აუცილებლად მიაღწევს - დემბელეს მონაცემები მას ამაში ხელს შეუწყობს."
"ბარსელონა" დემბელეს სანაცვლოდ 105 მილიონ ევროს გადაიხდის, 40 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]