იერი მინა "ბარსელონაში" მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გადავა
"ბარსელონამ" "პალმეირასს" აცნობა, რომ კატალონიური კლუბი 22 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველის, იერი მინას გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს.
ცნობილია, რომ "ბარსას" მინას 9 მილიონ ევროდ ყიდვის უფლება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მესაკუთრე "პალმეირასის" სპორტული დირექტორი ალეშანდრე მატოსი ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც ის პეპ სეგურას შეხვდა. ბრაზილიური Globoesporte-ს ცნობით, ეს ინფორმაცია "პალმეირასის" პრესსამსახურმა დაადასტურა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ "ბარსელონა" სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ერთ-ერთ უდიდეს ტალანტს ზამთარში, 9 მილიონ ევროდ შეიძენს, ხოლო ფეხბურთელი კატალონიაში 2018 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩავა.
მინას "ბარსელონაში" გადასვლა რამდენიმე მიზეზითაა გადადებული. ერთ-ერთი ისაა, რომ ფეხბურთელს ფეხი აქვს მოტეხილი. გარდა ამისა, კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ სჯობს, მან განვითარება ჯერ "პალმეირასში" განაგრძოს. ამას ისიც ემატება, რომ მინას ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]