ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ასეთი საერთო სურათის ფონზე და ნახევარფინალის საგზურით ხელდამშვენებულებმა, ინიაკისა და კარლოს ლორენსანოსთან (ხოსე ანტონიო კამაჩოს მარჯვენა ხელი) გადავწყვიტეთ შეხვედრა, რომელიც ნიგერიაში ჩვენს საქმეში სანახავად იყო ჩამოსული. მოკლედ რომ ვთქვათ, ნაკრების ხელმძღვანელებისთვის ჩვენი გულისტკივილი გვინდოდა გავეზიარებინა და ესპანეთში დაბრუნების ვარიანტი განგვეხილა.

ჩვენი პარლამენტარი გუნდის კაპიტანი ორბაისი იყო. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, თითქოს საუბარი არცკი შემდგარიყო... ლორენსანო ცოფებს ყრიდა. მან გვითხრა, რომ დიდ საქმეს ვაკეთებდით, არც კი ფიქრობთ რას ჩადიხართ, ეს მსოფლიო ჩემპიონატია და არა საბავშვო ბაღი, უსინდისოები ხართო და ა.შ. მოგეხსენებათ, რომ შტორმის შემდეგ შტილი ისადგურებს ხოლმე, ჰოდა მას შემდეგ მომხდარი აღარავის გაუხსენებია.

ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე მალის ნაკრები იყო, რომელსაც სეიდუ კეიტა კაპიტნობდა. მაშინ ის მარსელის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა. ვარელას ორი გოლი, ერთიც ჩემი და ფინალში ვართ, სადაც იაპონიასთან გველოდა შეტოქება. გადამწყვეტ შეხვედრაში აზიელები ბეჭებზე დავდეთ - 4:0.

ფინალის წინ, ოთახში, რომელშიც მე და გაბრი ვცხოვრობდით, ექიმი გუილენი შემოვიდა და გვითხრა, ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ორივენი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე ხართ ნომინირებულნიო, მაგრამ ეს საიდუმლო იყო. ვიცოდით, რომ ფინალის შემდეგ პრესტიჟული პრემია ერთ-ერთ ჩვენთაგანს უნდა რგებოდა.

თქვენ უნდა გენახათ ჩვენი გაოცებული სახეები, როდესაც დაჯილდოვების ცერემონიალზე მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას, სეიდუ კეიტას სახელი და გვარი გამოაცხადეს. ესპანური დელეგაციის აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვეთ და იმავე ოტელის რესტორანში, სადაც ეს ცერემონიალი იმართებოდა, პიცის საჭმელად წავედით. ცოტა ხანში მიშელ პლატინი და ვაშინგტონ ტაბარესი ჩამოვიდნენ, რომლებიც სამსაჯო კომისიაში შედიოდნენ და ბოდიში მოგვიხადეს, ხოლო საკუთარი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნეს, პრიზის აფრიკელი ფეხბურთელისთვის გადაცემა უფრო პოლიტიკური და მასმედიური ჟესტი იყოო.

ესპანეთში მსოფლიო თასით დაბრუნებულმა, პირველად გავიაზრე თუ რა იყო "ჟურნალისტების ნადირობა", რადგან "ბარახასის" აეროპორტში ასობით კამერა ელოდა ჩვენს გამოჩენას. მონკლოასა და სერსუელას სასახლეში გამართული საზეიმო მიღება ძალზედ ამაღელვებელი იყო. "ძალიან მომწონს შენი თამაში", - ეს სიტყვები მითხრა მისმა აღმატებულებამ, ხუან კარლოს I-მა ხელის ჩამორთმევისას.

ინიაკი საესისა და ჩემი გზები პორტუგალიის ევროპირველობაზე კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. თუმცა, ამ ტურნირზე ბედი არ მწყალობდა: ალბელდა-ბარახას დუეტმა პრიმერადივიზიონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ტურნირზე შეუცვლელად სათამაშოდ განწირული იყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან დამწყვიტა გული იმ ფაქტმა, რომ ჩემპიონატზე ერთი წუთიც არ დავყავი მოედანზე.

არადა, გათამაშებას ჩინებულ ფორმაში შევხდვდი, "ბარსელონაში" კარგი სეზონი ჩავატარე, იქ ყველა მენდობოდა და ჩემი იმედი ჰქონდათ. ევროპის ჩემპიონატზე იგნორირება მხოლოდ მე როდი მწყენია. ტეოდორო ნიეტო, რომელმაც ნაკრებში გამიხსნა გზა, მაშინ ეროვნულ გუნდში ანალიტიკოსად მუშაობდა, მეტოქეთა შესახებ ვიდეომასალის შეგროვება და მათი შესწავლა ევალებოდა. ერთხელ მან კარგად თქვა:

- არ მესმის რატომ არ ათამაშებენ ევროპის საუკეთესო ნახევარმცველს!

- მეგობარო, ნუ ფანტაზიორობ - ვპასუხობდი მე.

- შენ უბრალოდ არაფერი გესმის. როდესაც მოედანზე შეგიშვებენ, ყველაფერს მიხვდები.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! გვერდით ყოველთვის ისეთი ხალხი მყავდა, რომლებსაც ჩემი შესაძლებლობების უფრო სჯეროდათ, ვიდრე თავად მე.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ხოსე ანტონიო კამაჩო იყო. ის პირველი გახლდათ, ვინც ეროვნულ გუნდში სისტემატურად მიძახებდა. პირველ რიგში იმან გამაოცა, რომ ბურთის კონტროლსა და კვადრატის თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. მკაცრი იყო, მაგრამ შეგირდებთან ურთიერთობა არ უჭირდა. მახსოვს, "ბარსაში" საქმეები კარგად არ მიმდიოდა, მაგრამ ჩემი და პუიოლის გვარი მუდამ გახლდათ ნაკრების განაცხადში.

პირველად 2000 წლის ნოემბერში გამომიძახა. ამის შესახებ ტელევიზორის საშუალებით შევიტყე. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მანამდე საუბარი არ ყოფილა, თუმცა პრესიდან ვიცოდი, რომ გაფართოვებულ სიაში ჩემი გვარიც ფიგურირებდა. მე და პუიოლს გვიხმო. უნდა ითქვას, რომ ჩვენი დებიუტი სევილიაში ჰოლანდიასთან მატჩში შედგა, რომელსაც იმხანად ვან გაალი წვრთნიდა.

ამის შემდეგ, ფურია როხაში სისტემატურად მიძახებდნენ, მაგრამ როგორც კი გვარდიოლა გამოჯანმრთელდა, ნაკრების კარი ჩემთვის დაიხურა. თუმცა, კორეა-იაპონიის მუნდიალისთვის პეპმა ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო და კამაჩომ გუნდში დამაბრუნა. ჩემი პირველი მუნდიალი! რამხელა პატივია!

მსოფლიო პირველობაზე სამ მატჩში მივიღე მონაწილეობა. სლოვენიასთან არ მითამაშია, პარაგვაისთან 20 წუთი დავყავი მოედანზე, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან შეუცვლელად ვითამაშე. მერვედფინალში ირლანდიასთან მატჩში არ მიასპარეზია, სამხრეთ აფრიკასთან გამართულ მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში კი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მივიღე მონაწილეობა.

კამაჩო ფსიქოლოგიური ზეწოლისგან გვიცავდა, რომელიც ყველა მხრიდან მოდიოდა. ამას იუმორის დახმარებით ახერხებდა.

მაგალითად, ვარჯიშზე ორმხრივ მატჩში დამარცხებულ გუნდს გამარჯვებული "საჩემპიონო კორიდორს" უკეთებდა და "ლუზერები" მოედანს ალიყურნათავაზებნი ტოვებდნენ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა კამაჩოსთან, რომელიც საკუთარ სამუშაოს სამართლიანობაზე, დისციპლინასა და პატივისცემაზე აგებდა. ხელმძღვანელობის აგრესიულ სტილზეც შეეძლო გადასვლა, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებდა, ფეხბურთელის აზრზე მოყვანა თუ უნდოდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ კორეა-იაპონიაში მეოთხედფინალს ვერ გავცდით, რადგან მშვენიერი გუნდი გვყავდა. იმ კოლექტივს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ისეთი ადამიანები, როგორებიც იერო, დე პედრო, კანისარესი, ვალერონი, ნადალი და ლუის ანრიკე არიან, გაცილებით მეტს იმსახურებდნენ.

გაგრძელება იქნება...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.