ორიოლ ტორტი: "ლა მასიას" სული"

ორიოლ ტორტი: "ლა მასიას" სული"

31 იანვარს, "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის, "ლა მასიას" ერთ-ერთ სულისჩამდგმელს 89 წელი შეუსრულდებოდა.

"ბარსელონა" ის გუნდი არ იქნებოდა, რომელიც დღესაა, რომ არა ერთი პიროვნება, მუდმივად სხვების ჩრდილში მყოფი ორიოლ ტორტი, ლეგენდარული ტალანტებზე მონადირე, რომელმაც ვარსკვლავური კარიერისკენ გზა ისეთ ფეხბურთელებს გაუკვალა, როგორებიც გვარდიოლა, ინიესტა და ჩავი არიან. ტორტს კლუბში ყოველთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ეკავა. მან "ბარსელონას" 40 წელი, თითქმის მთელი ზრდასრული ცხოვრება მიუძღვნა. ეს დრო მან ეფექტიანი და პროდუქტიული ახალგაზრდული აკადემიის შექმნას მოანდომა. აკადემიის, რომელშიც იმ ფეხბურთის თამაშს სწავლობენ, დღეს რომ "ბარსა" თამაშობს.

ლეგენდარულმა სკაუტმა, თავის დროზე, ჩვეულებრივ მოთამაშეებს შორის ისეთი მარგალიტები აღმოაჩინა, როგორებიც ფაბრეგასი, დე ლა პენია, ამორი, ვალდესი, გაბრი, ინიესტა, ჩავი და სხვები არიან. ის, რა თქმა უნდა, ხუმრობით იტყოდა, რომ ეს, მისთვის, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. თუმცა, ამ ფეხბურთელების გვარებს ვერავინ გაიგებდა, რომ არა ორიოლ ტორტი. სწორედ ამიტომ, ახალი "ლა მასია" მის სახელს ატარებს - ლეგენდარული სკაუტისა და "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელის.

ის თავმდაბალი, უბრალო ადამიანი იყო, რომელსაც "ბარსელონასი" და ამ კლუბის თამაშის სტილის სწამდა. ეს სტილი კი "ბარსელონაში" ჰოლანდიიდან, იოჰან კრუიფთან ერთად მოვიდა.

ლა მასია

ორიოლ ტორტმა, "ბარსელონაში", ბედი რამდენიმე პოზიციაზე სცადა. ის ჯერ ფეხბურთელი იყო, შემდეგ 13-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი, 1977 წელს კი ახალგაზრდულ მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. ერთი წლის შემდეგ, 1978 წელს, კლუბის პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესის არჩევის შემდეგ, ტორტი "ახალგაზრდა ტალანტებზე მონადირედ" და "ლა მასიას" დირექტორად იქცა. ამ ადგილას ფეხბურთს ეზიარებოდნენ ისინი, ვინც, მომავალში, პირველი გუნდის წევრები უნდა გამხდარიყვნენ.

"თავიდან, ის მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ავარჯიშებდა, 1978 წელს კი ნუნიესმა მას "ლა მასიას" მართვა დაავალა. თავდაპირველად, მის მუშაობას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მაგრამ შემდეგ გუნდმა მოგებები დაიწყო. ამის მიუხედავად, ტორტი ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია და ვწუხვარ, რომ ამ დღეს ის ვერ მოესწრო." - განაცხადა მარტა ტორტმა, ორიოლის ქალიშვილმა, ერთ-ერთ საზეიმო ღონისძიებაზე.

საინტერესოა, რომ ტორტს შეეძლო "ბარსელონაში" თავისი საქმიანობა ძირითად სამუშაოსთან - ფარმაცევტულ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერობასთან შეეთავსებინა. სამუშაო დღის შემდეგ და უქმეებზე, ის სრულად ფეხბურთით იყო დაკავებული. ზოგჯერ, სეზონის დატვირთულ პერიოდში, მას შეეძლო ზედიზედ 15-20 თამაშს დასწრებოდა. 30 წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობის დროს, ტორტი ასობით და ათასობით ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდებოდა. ამ მოთამაშეებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ მათ, ტრიბუნებიდან, უამრავი ადამიანიდან ერთ-ერთი, "ბარსელონას" სკაუტი აკვირდებოდა. ეს მუშაობის მისი სტილი იყო, რომელიც სავსებით ამართლებდა.

ერთხელ, ტორტმა "ჟიმნასტიკ მანრესაში" მოთამაშე ბიჭი შეამჩნია. ის მოხერხებული და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, რომელიც ბურთს იოლად აკონტროლებდა. ის სწორედ ის მოთამაშე იყო, რომელსაც ორიოლ ტორტი ეძებდა. პატარა ბიჭი მეტოქეს ძალიან აგრესიულად უტევდა, რაც "ბარსელონას" სტილს იდეალურად შეესაბამებოდა. ეს სტილი ჰოლანდიელებმა, რინუს მიხელსმა და იოჰან კრუიფმა შექმნეს, მისი მთავარი მიზანი ოცნების გუნდის შექმნა იყო და ის სამ ელემენტს აერთიანებდა: გამჭრიახობა, შესაძლებლობა, სისწრაფე. ეს გამხდარი ბიჭი "ბარსას" კონცეფციაში იდეალურად ეწერებოდა. ამ ბიჭს პეპ გვარდიოლას ეძახდნენ.

"ორიოლ ტორტი ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო. მისი მსგავსები აღარ არსებობენ. ის მოდიოდა და საათების განმავლობაში მუშაობდა, სანამ იმას არ მიაღწევდა, რაც სურდა. სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით გახდა "ბარსელონა" ის, რაც დღესაა." - აცხადებს გვარდიოლა.

ლეგენდარული სკაუტი, მის ხელთ არსებული არაერთი კოზირის გარდა, შესანიშნავად ფლობდა ერთ ტექნიკას: ის პატარა ფეხბურთელების მშობლებს ელაპარაკებოდა. ტორტს ადამიანის დარწმუნების უნარი ჰქონდა, რისი წყალობითაც, ის მარტივად ახერხებდა დაეყოლიებინა მშობლები, თავიანთი შვილი "ლა მასიაში" მიეყვანათ. აქ, ბავშვი თავის საფეხბურთო მონაცემებს ისე განავითარებდა, რომ არც სწავლას დაივიწყებდა. ტორტი მშობლებს არწმუნებდა, რომ მათი შვილები მეგობრულ და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში გაიზრდებოდნენ. ხოლო თუ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა, ისინი პირველი გუნდის წევრები გახდებოდნენ.

ორიოლ ტორტი

ტორტი იმ სკაუტების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, რომლებიც შემთხვევითობის იმედად იყვნენ. ის საკმაოდ ხშირად სადილობდა ხოლმე "ლა მასიაში", ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად, ხუმრობდა მათთან ერთად, საუბრობდა მათთან, როგორც უფროსი მეგობარი და მათ მხარს უჭერდა. ის ფეხბურთელებს აცინებდა, თამაშობდა მათთან ერთად, ეხმარებოდა მათ, ვისაც სახლი და ოჯახი ენატრებოდა. ის განსაკუთრებით ეხმარებოდა მათ, ვინც კატალონიაში შორიდან მივიდა. ზოგჯერ, ისინი საკუთარ სახლში მთელი უქმეების განმავლობაში მიჰყავდა. იქ მათ შეეძლოთ თავი ისე ეგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. კლუბში თავისი საქმის მოყვარული ასეთი ადამიანი სხვა არ იყო.

"მას ძალიან უყვარდა ის, რასაც აკეთებდა." - იხსენებს მარტა ტორტი - "სამსახურის შესახებ ოჯახის წევრებს იშვიათად გვიყვებოდა, მაგრამ ის ამ ყველაფრისგან სიამოვნებას იღებდა. ხშირად ვხუმრობდი, რომ "ლა მასიას" აღსაზრდელებთან იმდენივე დროს ატარებდა, რამდენსაც საკუთარ შვილებთან და ამიტომ, როდესაც ისინი ჩვენთან მოდიოდნენ, მათ ძმებად მოვიხსენიებდი."

"ბარსელონას" სკაუტების მუშაობა უფრო სისტემური და პროფესიონალური 1980 წელს გახდა, როდესაც კლუბში ხუან მარტინეს ვილასეკა მოვიდა. ცნობისთვის, ვილასეკა, FIFA-ში, ამჟამადაც სკაუტად მუშაობს. "ბარსელონაში" "ესპანიოლიდან" გადასულმა ვილასეკამ, ტორტთან ერთად, შესანიშნავი დუეტი შექმნა. ამ დუეტმა, შესვენების გარეშე, 28 წელი იმუშავა. მათ ყველა კლუბის ახალგაზრდული მიმართულების "ოცნების გუნდად" იცნობდა. მათ, ძველ შენობაში, ერთი საერთო კაბინეტი ჰქონდათ და ეს კაბინეტი ნამდვილი ტალანტების სამჭედლო იყო.

ორიოლ ტორტი

ტორტი 14-წლამდე მოთამაშეებით იყო დაკავებული, ხოლო ვილასეკა - 19 წლამდე ფეხბურთელებით. სწორედ მან აღმოაჩინა კარლეს პუიოლი, რომელიც გუნდში 17 წლის ასაკში მივიდა. ის "ბარსელონაში" პირადად მარტინეს ვილასეკას რეკომენდაციით მიიწვიეს. მარტინესი ტორტის შედარებით ახალგაზრდა ვერსია იყო. სწორედ მას უნდა უმადლოდნენ კლუბში მოხვედრას სესკ ფაბრეგასი და ბოიან კრკიჩი.

ორივე სკაუტი თავშეკავებული და თავმდაბალი იყო. ორივე მათგანი საქმეს ყველაფერს უძღვნიდა. არავითარი კომპიუტერი და მობილური. მხოლოდ ქალაქის ტელეფონი. მარტინესი ხშირად იხსენებს, როგორ აქტიურად მუშაობდნენ ისინი და როგორ კარგად ესმოდათ ერთმანეთის. ზოგჯერ, გართობის დროს, ისინი ფეხბურთის ვარსკვლავებთან სატელეფონო ზარების იმიტაციას ახდენდნენ.

"შესაძლებელია თუ არა კიდევ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, როგორიც ორიოლ ტორტი იყო? გამორიცხულია. არავინ იცის იმდენი, რამდენიც მან იცოდა. თუმცა, ვცდილობთ, აკადემიაში მისი მიდგომები შევინარჩუნოთ." - აცხადებს "ლა მასიას" დირექტორი კარლეს ფოლგერა.

ტორტი არ იყენებდა ჩანაწერების ერთიან სისტემას. ის ყველაფერს მცირე ზომის ფურცლებზე იწერდა, რომლებსაც პიჯაკის ჯიბეში ინახავდა. ფეხბურთელების შესახებ სრული ინფორმაცია საქაღალდეებში ინახებოდა. მუშაობის მთელი სისტემა იმაზე იყო აგებული, რომ სკაუტებს რაც შეიძლებოდა მეტი თამაში ენახათ. მათ არ ჰქონდათ დასვენების დღე - ისინი მუდმივად ერთი სტადიონიდან მეორეზე გადადიოდნენ. ეს ძალიან რთული სამუშაოა, რომელიც შეუძლებელია თავდადებისა და მტკიცე გადაწყვეტილების გარეშე შეასრულო. ეს იყო 2 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელმაც უამრავი თამაში ნახა და ათასობით ახალგაზრდა ფეხბურთელს დააკვირდა. ისინი მთელს თავისუფალ დროს არა საკუთარ თავს ან თუნდაც ოჯახს, არამედ ფეხბურთს უთმობდნენ. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც მათგან საქმე ითხოვდა.

გაწეულმა სამუშაომ შედეგის მოტანა 90-იან წლებში დაიწყო. მიხელსისა და კრუიფის იდეა სარეალიზაციოდ მზად იყო.

"ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელების "კამპ ნოუზე" ხილვა, როგორიც, მაგალითად, ანდრეს ინიესტაა - სწორედ ეს იყო ჩვენი ჯილდო." - აცხადებს მარტინეს ვილასეკა.

შეუძლებელია წარმოიდგინო, რამდენი მოთმინება, ენერგია და დრო იყო საჭირო ამ შედეგის მისაღებად. ჩავი, ინიესტა, გვარდიოლა, პუიოლი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაწეული შრომა ფუჭი არ ყოფილა.

"ის ყოველთვის ამბობდა, რომ თავისი ბიჭების პირველ გუნდში ხილვა უკვე უდიდესი ბედნიერებაა." - იხსენებს მარტა ტორტი.

დროთა განმავლობაში, ჩანაწერების სისტემა, რომელიც ორიოლ ტორტმა მოიფიქრა, წარსულის რელიქვიად იქცა. ოფისში კომპიუტერები და ტელეფონები გაჩნდა. უკვე ყველა ითხოვდა მოხსენებებს, ფაილებს, კვლევებს. ტორტი, რომელიც დოკუმენტბრუნვას არასდროს აწარმოებდა, ხვდებოდა, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ის აცნობიერებდა, რომ ფეხბურთს განვითარება და თანამედროვე დროისთვის ფეხის აწყობა სჭირდებოდა. მისი მუშაობის ბოლო წლებში მარტინესი მას მთელი ძალებით ეხმარებოდა. თუმცა, ტორტის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა, ყველაფერს კი წერტილი საშინებლმა დიაგნოზმა დასუვა - ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მავნე ჩვევა იყო - ტორტი ძალიან ბევრს ეწეოდა.

ორიოლ ტორტი 1999 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს გვარდიოლამ თქვა, რომ "ბარსელონამ" დაკარგა სიბრძნე. ჟოზეპ მუსონსმა, კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა, დაამატა: "თავი რომ მოვუყაროთ ყველა ფეხბურთელს, რომლებიც ტორტმა გვაჩუქა და ისინი წრეზე დავაყენოთ, "კამპ ნოუ" არ გვეყოფა."  თუმცა, ყველაზე ზუსტი შეფასება მაინც ვისენტე დელ ბოსკემ გააკეთა: "ორიოლ ტორტი ჩრდილში იდგა, მაგრამ კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო."

"მან გადმოიბირა გილერმო ამორი, გვარდიოლა და ჩავი. ის უყურებდა, როგორ იზრდებოდნენ ეს ფეხბურთელები. მართალია, მას თანამედროვე "ბარსელონას" წარმატებები არ უნახავს, მაგრამ ის ხედავდა, როგორ აღწევდნენ წარმატებებს მისი მოსწავლეები პირველ გუნდში. ის ძალიან მოკრძალებული იყო და აუცილებლად იტყოდა, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არაა. თუმცა, ის ძალიან ამაყი იქნებოდა." - მიიჩნევს ორიოლ ტორტის ქალიშვილი.

ამაყი ისევე, როგორც ყველა, ვისაც უყვარს "ბარსელონა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 4 თებერვალი 2018 01:48
    0
    კარგი სტატია, კიდევ ბერი ესეთი საინტერესო სტატიები
    Abidal22
    სტუმარი [?]
    #7 4 თებერვალი 2018 00:37
    0
    ასე გააგრძელეთ ადმინ
    Culé [?]
    #6 4 თებერვალი 2018 00:10
    0
    ციტატა: Writer

    ვეცდებით, ყოველ შაბათ-კვირას შემოგთავაზოთ ხოლმე ასეთი სტატიები.
    შაბათ-კვირას იმიტომ, რომ კვირის სხვა დღეებში, ძნელია ამხელა მასალის წასაკითხად დრო ხშირად გამონახოთ

    წასაკითხად დროს მუდამ გამოვნახავთ მარა საქმე იმაშია თქვენ თუ მოახერხებთ ასეთი სახის ინფორმაციებით საიტის მომარაგებას
    რედაქტორი [?]
    #5 3 თებერვალი 2018 23:13
    0
    ციტატა: CuleMan7
    როგორ მიხარია როცა ასეთი სტატიები იდება რაგაც სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს კიდეუფრო მიმტკიცდება რომ უდიდესიკლუბის გულშემატკივარივარ. სამწუხაროა რო ასეთი ხალხი კვდება... რომელსაც დიდი წვრილი მიუძღვის ბარსელონას განვითარებისკენ მე ამაყივარ რომვარ კულე !! ვისკა ბარსა!!

    ვეცდებით, ყოველ შაბათ-კვირას შემოგთავაზოთ ხოლმე ასეთი სტატიები.
    შაბათ-კვირას იმიტომ, რომ კვირის სხვა დღეებში, ძნელია ამხელა მასალის წასაკითხად დრო ხშირად გამონახოთ blush
    Culé [?]
    #4 3 თებერვალი 2018 22:42
    0
    Aaa kaci karoche.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 თებერვალი 2018 22:40
    0
    მადლობა ავტორს! ძალიან საინტერესო და ინფორმაციული სტატიაა!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #2 3 თებერვალი 2018 22:24
    0
    ციტატა: messi and iniesta
    ბევრიხხანი გეცოცხლოს კიდევ

    გარდაცვლილია ....
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 3 თებერვალი 2018 22:21
    0
    ბევრიხხანი გეცოცხლოს კიდევ