"ბარსელონა" ლანგლეს უმტიტის ტრანსფერის მიუხედავად იყიდის
"ბარსელონა" "სევილიას" ფრანგ ცენტრალურ მცველს, კლემან ლანგლეს იმის მიუხედავად იყიდის, დატოვებს თუ არა გუნდს სამუელ უმტიტი. ამ ინფორმაციას Sport-ის ჟურნალისტი ალბერ როგე საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლანგლე "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები "სევილიას" ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ შეხვდებიან.
ლანგლეს გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, რაც ამჟამინდელი ბაზრისა და ფეხბურთელის მიერ ჩატარებული სეზონის გათვალისწინებით, ძალიან იაფია.
ალბერ როგე ლანგლეს სამუელ უმტიტის ტრანსფერს ადარებს. აქვე იმასაც უსვამს ხაზს, რომ 22 წლის ფეხბურთელის მოსვლა მისი თანამემამულის შესაძლო წასვლასთან კავშირში არაა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ტომას ვერმალენის შენარჩუნებასაც აპირებს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში, "ბარსელონას" ცენტრალური მცველები პიკე, უმტიტი, ვერმალენი და ლანგლე იქნებიან, იერი მინას კი სათამაშო დროის მისაღებად გაანათხოვრებენ.
რაც შეეხება მატიას დე ლიგტს - ივარაუდება, რომ "ბარსელონას" მას ერთი წლით "აიაქსში" დატოვებს. სწორედ ამის სურვილი აქვს ამსტერდამელთა სპორტულ დირექტორს და "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, მარკ ოვერმარსს.
კლემან ლანგლე "სევილიაში" გასულ ზაფხულში, "ნანსიდან" 5 მილიონ ევროდ გადავიდა. ანდალუსიური გუნდის მაისურით მან უკვე 48 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]