ანდრეს ინიესტას გამოსამშვიდობებელი საღამო
გუშინ ღამით, ბარსელონაში ანდრეს ინიესტას გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო, რომელსაც კატალონიელი მსახიობი, ჟორდი ევოლე უძღვებოდა. საღამოზე მრავალი სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის ანდრესის ყოფილი და ახლანდელი თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბის და ხელმძღვანელობის წევრები და ასევე რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი, მაგალითად მარკ და პაუ გასოლები. მათთან ერთად, ინიესტას ოჯახის წევრები: მისი მშობლები, მეუღლე და შვილები. ანდრესმა მის წარმატებაში მათ როლს განსაკუთრებით ემოციურად გაუსვა ხაზი.
გაიხსენეს ის პერიოდი, როცა "ბარსელონას" მომავალი კაპიტანი კატალონიაში ალბასეტედან პირველად ჩავიდა, მისი დებიუტი 2002 წელს "ბრიუგესთან", გოლი "სტემფორდ ბრიჯზე" და გოლი იოჰანესბურგში, რომელმაც მის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
თანაგუნდელებიდან ინიესტას სცენაზე სამუელ ეტო'ო, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა შეუერთდა და მათ საინტერესო და სახალისო თემებზე ისაუბრეს. მათ შორის მოგებულ ჩემპიონთა ლიგებზე, მუსიკალურ გემოვნებაზე, მიმოწერებზე WhatsApp-ის ჯგუფში, რომლის ადმინისტრატორიც პიკეა და იმაზე, თუ როგორ ცუდად თამაშობს ინიესტა Mario Kart-ს.
კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ "ბარსელონასთვის" მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ანდრესი გუნდში განსხვავებულ რანგში დაბრუნდება.
დღეს, ინიესტა გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიშს გამართავს, ხვალ კი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]