ექსკლუზიური ინტერვიუ ანდრეს ინიესტასთან
"ბარსელონას" ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის იაპონიაში ვიზიტის დროს, კატალონიელებმა ინტერვიუ კლუბის ლეგენდის და ყოფილი კაპიტნის, ანდრეს ინიესტასგან აიღეს. მან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"იაპონიაში თავს პირველივე დღიდან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი თანაგუნდელები და კლუბის წევრები ყველაფერში მეხმარებიან.
ყველაზე შესამჩნევი სიცხე და ტენიანობაა. ეს განსაკუთრებით მაშინ გაწუხებს, როცა შესაჩვევად ბევრი არ გივარჯიშია.
ახლაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. მე და ჩემი ოჯახი სიტუაციით კმაყოფილი ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, სამშობლოში ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ახლოს ხარ. იქაურ მოვლენებს ყოველთვის ვადევნებ თვალს, განსაკუთრებით "ბარსელონას" თამაშს.
J ლიგა არის ჩემპიონატი, რომელშიც ვერცერთი გუნდის წინააღმდეგ ვერ მოდუნდები. შეიძლება, ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფმა კლუბმა შენს მოედანზე ადვილად დაგამარცხოს. საშუალო დონის გუნდსაც შეუძლია ლიდერისთვის მოგება.
"ვისელ კობე" ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს გასულა. იქ თამაში დიდი მიღწევა იქნება. კლუბში სეზონის მეორე ნახევარში მოვედი და ყველაფერი ჩვეულებრივზე სწრაფად ხდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სამეულში მოხვედრის და ლიგაზე თამაშის რეალური შანსი გვაქვს.
ხანდახან, "ბარსელონაში" ჩემი ბოლო მატჩის კადრებს ვუყურებ. რაც იმ დღეებში ჩემს თავს ხდებოდა, ჯადოსნური იყო და ამას არასოდეს დავივიწყებ.
ახალ "ბარსას" კარგი შემადგენლობა ყავს და ჯერჯერობით, ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ახალწვეულები განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, რაც გუნდს მეტ სიღრმეს შესძენს. იმედი მაქვს, ამ სეზონში გუნდი სასურველ შედეგებს მიაღწევს.
ლიონელ მესი ყოველთვის გუნდის ლიდერი იყო, იქამდეც, სანამ კაპიტანი ოფიციალურად გახდებოდა. ჩემი აზრით, "ბარსელონას" შემადგენლობა იდეალური გუნდია, რომელსაც შეგიძლია გაუძღვე. თანაც, მესი უკვე დიდი ხანია, არგენტინის ნაკრებსაც კაპიტნობს, ასე რომ, ჩემგან დარიგებები არ სჭირდება.
ერთადერთი, რასაც არტურს, "ბარსას" ახალ 8 ნომერს ვურჩევდი, ისაა, რომ მეტი თავდაჯერება გამოიჩინოს. მას კარგი მონაცემები აქვს, ძალიან ახალგაზრდაა და იმ ადამიანების გვერდითაა, რომლებიც ყველანაირად დაეხმარებიან იმაში, რომ მუდმივად გაძლიერდეს და გაიზარდოს.
ახლო მომავალში, მე და "ბარსელონა" ცხოვრებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გავაგრძელებთ. ერთ დღეს კი, იმედი მაქვს, ლა მასიას დავუბრუნდები. ეს ჩემი სახლია და ვეცდები, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე, მის განვითარებას მოვახმარო".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]