"ბარსელონას" ურთიერთშეხვედრების ისტორია "ტოტენჰემთან", პსვ-სთან და "ინტერთან"
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების გათამაშებაში "ბარსელონას" პირველი 3 მეტოქე ცნობილია. კატალონიელები, ჯგუფურ ეტაპზე, "ტოტენჰემს", პსვ-სა და "ინტერს" დაუპირისპირდებიან.
ტოტენჰემი
"ბარსელონასა" და "ტოტენჰემს", ოფიციალურ მატჩებში, ერთმანეთთან სულ 2-ჯერ უთამაშიათ. 1981/82 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, ლონდონში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, ბარსელონაში კი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და ფინალში გავიდნენ. ესპანელების მხრიდან, პირველ თამაშში გოლი ოლმომ გაიტანა, ხოლო განმეორებითში, ალან სიმონსენმა.
პსვ
ჰოლანდიურ გუნდთან "ბარსას" ურთიერთდაპირისპირების 6-მატჩიანი ისტორია აქვს.
პირველად ეს გუნდები ერთმანეთს უეფას თასის 1977/78 წლების გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ. ეინდჰოვენში მასპინძლებმა "ბარსა" 3:0 გაანადგურეს, განმეორებით მატჩში კი, რეშაკის დუბლითა და ფორტეს ერთი გოლით, კატალონიელებმა 3:1 მოიგეს, მაგრამ ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
1995/96 წლების სეზონში, იმავე ტურნირის 1/4-ფინალში, უფრო ძლიერი უკვე "ბარსელონა" გამოდგა. ბარსელონაში 2:2 თამაშის (გოლები: ბაკერო, აბელარდო) შემდეგ, კატალონიელებმა, ბაკეროს, ფიგუსა და სერხის გოლებით, ეინდჰოვენში 3:2 მოიგეს.
მომდევნო შეხვედრა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა. 1997/98 წლების ჯგუფურ ეტაპზე, ორივე თამაში 2:2 დასრულდა. ბარსელონაში, მასპინძელთა მხრიდან, თავი დუბლით ლუის ენრიკემ გამოიჩინა, ეინდჰოვენში კი, გოლები აბელარდომ და ჯოვანიმ გაიტანეს.
როგორც ხედავთ, "ბარსელონასა" და პსვ-ს თამაშები უხვგოლიანობით გამოირჩევა. 6 თამაშში 24 გოლი გავიდა, რაც თამაშში, საშუალოდ, 4 გოლს უდრის.
ინტერი
ჯგუფის მეტოქეებიდან "ბარსა" ყველაზე კარგად "ინტერს" იცნობს, რომელთანაც 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 5 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება დაუგროვდათ.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 1959/60 წლების სეზონში, ბაზრობათა თასის 1/4-ფინალში შედგა. "ბარსამ" შინ, რიბელიესის დუბლის, სეგარასა და ვილიავერდეს თითო გოლით, 4:0 მოიგო, ხოლო სტუმრად, თავად კვლავ 4-ჯერ გაიტანა (ეულოგიო მარტინესისა და კუბალას დუბლი) და მეტოქეს 2-ჯერ გაატანინა.
1969/70 წლებში, ასევე ბაზრობათა თასის 1/4-ფინალში, "ინტერმა" ბარსელონაში 2:1 მოიგო, მილანური დაპირისპირება კი 1:1 დასრულდა. კატალონიელთაგან გოლები ფუსტემ და რეშაკმა გაიტანეს.
შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის 2002/03 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპი. "კამპ ნოუზე" მასპინძლებმა, სავიოლას, კოკუსა და კლუივერტის გოლებით, მეტოქე 3:0 გაანადგურა, "სან სიროზე" კი გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს.
ბოლო ორი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის 2009/10 წლების გათამაშებაში შედგა. ჯგუფურ ეტაპზე, მილანში გუნდებმა კვლავ 0:0 ითამაშეს, "ბარსელონაში" კი კატალონიელებმა, პიკესა და პედროს გოლებით, 2:0 მოიგეს. დღევანდელი შემადგენლობიდან პირველ მატჩში პიკემ და მესიმ ითამაშეს, ბუსკეტსი კი სათადარიგო იყო. მეორე მატჩში პიკე და ბუსკეტსი შემადგენლობაში იყვნენ, მესი კი სათადარიგო.
იმავე გათამაშების 1/2-ფინალის პირველ მატჩში "ინტერმა" საკუთარ მოედანზე 3:1 მოიგო. "ბარსელონადან", რომლის რიგებშიც პიკე, ბუსკეტსი და მესი თამაშობდნენ, თავი გოლით პედრომ გამოიჩინა. განმეორებით შეხვედრაში პიკე, ბუსკეტსი და მესი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. ის მატჩი გუნდმა პიკეს გოლით მოიგო, მაგრამ ფინალში მაინც "ინტერი" გავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]