"ბარსა" ლა ლიგაში 100%-იან სერიას აგრძელებს: "კამპ ნოუზე" "უესკა" განადგურდა
"ბარსელონა" ლა ლიგაში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. თუ კატალონიელების და "უესკას" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა არაგონული კლუბისთვის სამარცხვინო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ორ მატჩს მოიცავდა, ახლა ეს შედეგი გაუარესდა: 3 შეხვედრა, 20 გოლი, ანუ, საშუალოდ 6,7 გოლი თამაშში.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მე-3 წუთზე თავისი გუნდი წინ კუჩომ გაიყვანა. დაახლოებით 10 წუთში, წონასწორობა ლიონელ მესიმ აღადგინა, რასაც სტუმართა კარში კიდევ ორი ბურთი (ავტოგოლი, სუარესი) მოყვა, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც მინიმალური სხვაობით დასრულდა: 42-ე წუთზე გოლი ალექს გაიარმა შეაგდო.
მეორე ნახევარში, "ბარსელონა" მოედანზე თავს ბევრად კომფორტულად გრძნობდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა საკუთარი ფეხბურთის თამაში და მეტოქისთვის კიდევ 5 გოლის გატანა მოახერხა. ტაიმის დაწყებისთანავე, გოლები უსმან დემბელემ (48') და რაკიტიჩმა (52') გაიტანეს, რის შემდეგაც მესიმ დუბლი შეასრულა, ალბამ ლამაზი კომბინაცია დაასრულა, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთზე პენალტით, ლუის სუარესმა დააფიქსირა - 8-2.
ასე რომ, "ბარსელონა" სანაკრებო პაუზას კარგ განწყობაზე ხვდება. 3 ტურის შემდეგ, გუნდს 9 ქულა, ანუ 100%-იანი შედეგი აქვს. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები 14 სექტემბერს "ანოეტაზე" გამართავენ. "სოსიედადის" სტადიონს ჯადო გასულ სეზონში მოეხსნა და ახლა "ბარსას" იქ თამაში მეტი თავდაჯერებით შეეძლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]