"ბარსელონა" ვილიანს არ ეშვება
ბრაზილიელ შემტევს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ესპანური და ინგლისური მედიის ცნობით, მაშინ "ჩელსიმ" ვილიანის გაყიდვაზე უარი განაცხადა. ახლა კი, როგორც ჩანს, საქმე სხვანაირადაა და ესპანური Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლები ფასზე შესათანხმებლად ერთმანეთს შეხვდნენ.
გარემარბს, რომელსაც მაურისიო სარის გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, "ლურჯები" 50-დან 80 მილიონამდე აფასებენ. შესაძლოა, ტრანსფერში მალკომიც ჩაერთოს, რაც ცხადია, ამ თანხას შეამცირებს.
საინტერესოა, რატომ სურს ერნესტო ვალვერდეს მალკომის მაგივრად გუნდში ვილიანის ხილვა. პირველი განსხვავება, რაც მას საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია, გამოცდილებაა. მალკომი, 21 წლისაა და ის უფრო მომავლის პროექტია, ვილიანი კი - 30-ის და თავისი დიდი გამოცდილებით შეუძლია გუნდის წარმატებაში წვლილი ახლავე შეიტანოს.
ასევე, "ბარსელონაში" ჯერ კიდევ წუხან, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ, ზუსტად მისი პროფილის ფეხბურთელი ვერ მოიძებნა. უნდა ითქვას, რომ უსმან დემბელე კლუბის მესვეურების იმედებს, ჯერ-ჯერობით, ბოლომდე ვერ ამართლებს.
გასულ ზაფხულს ფეხბურთელი და "ბარსელონა" შეთანხმებული იყვნენ, მაგრამ "ჩელსის" ვილიანის გაყიდვა არ სურდა. ამჯერად, შესაძლოა, მალკომის დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]