ესპანური პრესა: "ბარსელონა" "ვალენსიას" მცველს იმატებს
"ვალენსიას" კოლუმბიელი ცენტრალური მცველი ხეისონ მურილიო "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ბოლო საათებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 26 წლის უკანახაზელის კატალონიურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია.
ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელის იჯარაზე უკვე შეთანხმდნენ. მურილიოს აგენტი ვალენსიაში იმყოფება და ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებს. RAC1-ს ინფორმაციით, მურილიოს, დღეს დილით, არ უვარჯიშია და ის თანაგუნდელებს უკვე გამოემშვიდობა.
ვინაა ხეისონ მურილიო? "ვალენსიაში" ის 2017 წელს, "ინტერიდან" გადავიდა. ლა ლიგის 2017/18 წლების გათამაშებაში მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ, ტრავმის გამო, მისი საქმეები უკან წავიდა. მიმდინარე სეზონში მურილიო მოედანზე 2-ჯერ ვიხილეთ - ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" და ლა ლიგაში "სელტას" წინააღმდეგ.
ხეისონ მურილიო კოლუმბიის ნაკრების წევრიცაა. 2014 წლიდან დღემდე, ეროვნულ გუნდში მან 27-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
"ბარსელონას" მისი დამატება დაცვის ცენტრში არსებული სერიოზული პრობლემების გამო უხდება. კატალონიელები, სამუელ უმტიტისა და ტომას ვერმალენის ტრავმების გამო, ჟერარ პიკესა და კლემან ლანგლეს იმედად არიან დარჩენილნი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]