ლიონელ მესის დაბრუნება "მარაკანაზე"
რიო დე ჟანეიროს "მარაკანა" ლიონელ მესის კარიერაში განსაკუთრებული სტადიონია. აქ, ის მსოფლიოს თასის აღმართვასთან ყველაზე ახლოს იყო და რომ არა რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი, თანაგუნდელების ძალიან ცუდი თამაში შეტევაში და მარიო გიოტცეს გოლი დამატებით დროში, "ბარსელონას" ლიდერს უმნიშვნელოვანესი სანაკრებო ტიტული მოპოვებული ექნებოდა და კრიტიკოსების გაჩუმებასაც უფრო ადვილად მოახერხებდა.
არგენტინისთვის ტრაგიკული დღიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, მესი "მარაკანაზე" ბრუნდება, ამჯერად - განსხვავებული მიზნით.
ნაკრებში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირიქით მოხდა, მაგრამ თავად მესი და მისი გუნდის გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე, არგენტინამ მძიმედ დაიწყო და კოლუმბიასთან წააგო, შემდეგ პარაგვაისთან ფრედ ითამაშა, შემდეგ კი ყატარი დაამარცხა და დიდი ხნის შემდეგ პირველად, თამაში გოლის გაშვების გარეშე დაასრულა.
28 ივნისს, არგენტინის ნაკრები მესის კაპიტნობით ვენესუელას შეხვდება. თუ ლიონელ სკალონის გუნდი არც ისე მრისხანე სახელის მქონე მეტოქეს მოუგებს, ბრაზილია-პარაგვაის შორის გამარჯვებული გუნდის მეტოქე იქნება და ფინალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]