მადრიდული გამოცემა დემბელეს ერჩის?
რამდენიმე საათის წინ მადრიდულმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმდაც, უსმან დემბელემ თავისი უდისციპლინობა კიდევ ერთხელ გამოავლინა.
წყაროს ცნობით, პარასკევს "ბილბაოსთან" გამართულ შეხვედრაში ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა დისკომფორტი იგრძნო. ექიმებმა სამედიცინო შემოწმება შაბათისთვის ჩანიშნეს, მაგრამ დემბელე არ გამოცხადდა. ფეხბურთელი ბაზაზე ორშაბათს მივიდა და ბუნებრივია, ექიმებისა და მწვრთნელების გაბრაზება გამოიწვია. ამის შემდეგ დემბელეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ის 5 კვირას გამოტოვებს.
ამ ისტორიაში, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია - დემბელეს უდისციპლინობა "ბარსას" ფანებისთვის სიახლე არაა, არც ბარძაყის კუნთის ტრავმისადმი მისი მიდრეკილება.
თუმცა, Marca-ს ნაამბობში ეჭვის შეტანა მაინც შეიძლება. AS-ისა და TV3-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი განსხვავებულ ვერსიას აჟღერებს. მისი ინფორმაციით, კლუბის ექიმებმა დემბელეს დაზიანება უბრალო დაჭიმულობად მიიჩნიეს, რის გამოც, ფეხბურთელმა კლუბისგან მიღებული 2-დღიანი დასვენება გამოიყენა და სენეგალში წავიდა. ორშაბათს დემბელე ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ 20 წუთის შემდეგ იძულებული გახდა შეეწყვიტა. ამის შემდეგ გახდა საჭირო სამედიცინო შემოწმება.
რა გვაიძულებს დავუჯეროთ ხავი მიგელს და არა Marca-ს? საქმე ისაა, რომ არც პარასკევს და არც შაბათს "ბარსელონას" უსმან დემბელეს ტრავმა არ დაუდასტურებია. კატალონიური კლუბი ამას ყოველთვის აკეთებს. მაგალითად, ასე მოხდა იმავე მატჩში ლუის სუარესის ტრავმასთან დაკავშირებით.
ყველაზე მნიშვნელოვნად კი ის მიგვაჩნია, რომ სენეგალიდან დაბრუნებულმა დემბელემ ვარჯიში ჯგუფთან ერთად ნამდვილად განაახლა. ამას "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ფოტოშიც ვხედავთ. ალოგიკური იქნებოდა, შაბათს ჩანიშნული სამედიცინო შემოწმების შემდეგ დემბელეს ჯერ ევარჯიშა, შემდეგ კი შემოწმება გაევლო. შესაბამისად, ხავი მიგელის ვერსია გაცილებით სანდო ჩანს, Marca კი, ან შეცდომაშია შეყვანილი, ან მადრიდული გამოცემა "ბარსელონას" ფეხბურთელს განზრახ ერჩის.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]