„ბარსას“ მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე, ნაწილი III: „სლავია პრაღა“
"ბორუსიასა" და "ინტერის" მიმოხილვის შემდეგ, "ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა ყურადღება "სლავია პრაღაზე" გაამახვილა.
ისტორია
"სლავია" 1892 წლის 2 ნოემბერს დაარსდა და ევროპის ერთ-ერთ უძველეს გუნდად ითვლება. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ის ჩეხოსლოვაკიის ლიგაში დომინირებდა, რის შემდეგაც, კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პრაღელებმა მხოლოდ 1996 წელს მოიპოვეს. კლუბი ფინანსურმა პრობლემამ დააზარალა, მაგრამ გასულ წელს მათ შიდა ჩემპიონატი მე-19-ჯერ მოიგეს. მათ აგრეთვე ცხრაჯერ აქვთ აღმართული ჩეხეთის თასი.
ევროტურნირები
"სლავია პრაღა" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას თავის ისტორიაში მეორედ მიიღებს. ამ ტურნირზე ისინი პირველად 2007/08 წლების სეზონში გამოჩნდნენ. ჯგუფურ ეტაპზე ჩეხურმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
ევროპული გამოცდილება უეფას თასზე ჩატარებულ 120 შეხვედრას მოიცავს. აღნიშნულ ტურნირზე "სლავიას" საუკეთესო შედეგი 1/2-ფინალური სტადიაა, საიდანაც ის "ბორდომ" გააგდო. გასულ სეზონში, ტრიპსოვსკის კოლექტივს ევროპის ლიგის მეოთხედფინალში "ჩელსიმ" სძლია (3:5 ორი მატჩის ჯამში).
უკანასკნელი მიღწევები
გასული სეზონი "სლავიასთვის" ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა. მათ ჩემპიონატი "ვიქტორია პლზენთან" 4-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს. მოიგეს ასევე MOL-ის თასი, სადაც ფინალში "ბანიკ ოსტრავას" 2:0 სძლიეს. წინა სტადიაზე ტურნირიდან გამოთიშეს "სპარტაც" (3:0). მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება "კლუჟთან" გამარჯვების შედეგად მოიპოვეს.
შემადგენლობა
"სლავიას" შემადგენლობაში მხოლოდ 6 ლეგიონერი გვხვდება: სტანჩიუ, ბალუტა, იბრაჰიმ ტრაორე, ვან ბურენი, ოლაინკა და იუსუფი. ეჭვგარეშეა, რომ გუნდის ლიდერად ტომას სოუჩეკი ითვლება. 24 წლის ჩეხს გუნდის შემადგენლობაში 140-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 29 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა. სიმაღლით ის 1 მეტრი და 92 სანტიმეტრია, რაც საჰაერო ორთაბრძოლებში დიდი უპირატესობაა.
მიუხედავად იმისა, რომ "სლავიამ" ძირითადი შემადგენლობის ორი წევრი ნგადუი და სიმონ დელი დაკარგა, გუნდი მაინც გაძლიერდა. მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ვლადიმირ კუფალი, ბალუტა და ოლაინკა ჩეხეთის ჩემპიონთა ეფექტურობაზე იზრუნებენ.
მწვრთნელი
ჯინდრიხ ტრიპსოვსკი პრაღელთა სამწვრთნელო შტაბში 2017/18 წლებში მოვიდა და მან გუნდი ჩეხური ფეხბურთის სათავეში მოაქცია. მისი ხელმძღვანელობით "სლავიამ" ორჯერ მოიგო MOL-ის თასი და ერთხელ შიდა ჩემპიონატი.
ურთიერთშეხვედრები
"სლავია" და "ბარსა" ევროტურნირებზე აქამდე არ შეხვედრილან. 23 ოქტომბერს პრაღაში და 2 ნოემბერს ბარსელონაში ისინი სადებიუტო მატჩებს გამართავენ ერთმანეთის წინააღმდეგ.
სტადიონი
"სინობო" ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონია, რომელიც 1953 წელს აშენდა. ის 20,800 მაყურებელს იტევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]