ლეო მესის მე-6 "ოქროს ბუცი" გადაეცა - "ეს ჯილდო მთელი გუნდის დამსახურებაა"
დღეს, პირველ გუნდში დებიუტიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ, "ბარსელონას" არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის "ოქროს ბუცი" გადაეცა.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, მესიმ, 34 შეხვედრაში, 36 გოლი გაიტანა და პრესტიჟული ევროპული ჯილდოსთვის ბრძოლაში ყველას აჯობა.
მესიმ ჯილდო მეექვსედ მიიღო, რაც საკუთარი რეკორდის დაუმჯობესებაა.
დაჯილდოების დროს ლეოს თან ოჯახის წევრები ახლდნენ. ცერემონიას ესწრებოდნენ ჟორდი ალბა და ლუის სუარესი, ასევე კლუბის ხელმძღვანელები - ჟოზეპ მარია ბართომეუ, ხავიერ ბორდასი, ხავიერ ვილაჟოანა, სილვიო ელიასი და ოსკარ გრაუ.
ჯილდოს მიღების შემდეგ მესიმ მცირე კომენტარი გააკეთა:
"თანაგუნდელების გარეშე ამდენ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჯილდო ყველას ეკუთვნის. ის მთელი გუნდის დამსახურებაა.
ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ჩვენ მის მოგებას ყოველწლიურად ვცდილობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ლა ლიგაა. თასიც მნიშვნელოვანია. "ბარსელონა" ყოველთვის ყველაფრის მოსაგებად იბრძვის." - ციტირებს მესის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.
ლეო მესიმ ევროპის "ოქროს ბუცი" 2010, 2012, 2013, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიგო. ის ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, ასევე ერთადერთია, რომელსაც ეს პრიზი 4-ზე მეტჯერ გადაეცა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]