ჟერარ პიკე "ანდორას" ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას გეგმავს
ჟერარ პიკეს კომპანიის, Kosmos Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი ხავიერ ალონსო აცხადებს, რომ "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, მის საკუთრებაში მყოფ გუნდთან, "ანდორასთან" დაკავშირებით, დიდი გეგმები აქვს.
პიკეს კომპანიამ საფეხბურთო კლუბი "ანდორა" 2018 წლის დეკემბერში შეიძინა. 2019 წლის გაზაფხულზე, 22-მატჩიანი წაუგებელი სერიის წყალობით, "ანდორა" ესპანეთის მე-4 დივიზიონში აღზევდა. ივლისში კი, პიკემ "რეუსის" ფინანსური პრობლემებით ისარგებლა და მე-3 დივიზიონში ადგილი დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროდ იყიდა.
ამჟამად, სეგუნდა ბ დივიზიონში, "ანდორა" მე-4 ადგილზეა და კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურებისთვის იბრძვის. თუმცა, როგორც ირკვევა, კლუბს გაცილებით დიდი ამბიციები აქვს.
"ჟერარი ამბიციური ადამიანია და მას უნდა, რომ ანდორაში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაჟღერდეს. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი პროექტი ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი, პიკეს კი მსოფლიო ფეხბურთში დიდი ცოდნა აქვს. ჩვენს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერა ჟერართან ერთად "ბარსელონაში" დაიწყეს. პიკე პროცესში სერიოზულადაა ჩართული და ფეხბურთელებს ხშირად ესაუბრება." - ციტირებს ხავიერ ალონსოს სიტყვებს Covering Football.
ალონსომ იმ მიზეზზეც ისაუბრა, რომლის გამოც, Kosmos Holding-მა სწორედ "ანდორას" შეძენა გადაწყვიტა: "ამის მიზეზი ქვეყანაა. პატარა, მაგრამ მაინც ქვეყანა. ეს, ჩვენთვის, მნიშვნელოვანი იყო. ამ ქვეყანაში დიდი შესაძლებლობები დავინახეთ. ესპანეთის ქვედა დივიზიონებში მოთამაშე არაერთი გუნდი შემოგვთავაზეს, მაგრამ ქვეყანა არცერთი მათგანის უკან არ იდგა."
პიკეს საფეხბურთო კლუბი ქვეყანა ანდორას წარმოადგენს, მაგრამ ის ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]