ალვესმა "ბარსელონასგან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთავაზება მიიღო
"მარკას" ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა, დანიელ ალვესმა კლუბისგან შეთავაზება მიიღო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები კლუბსა და ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საქმე ისაა, რომ ალვესს საკმაოდ დიდი ფინანსური მოთხოვნები აქვს.
ფეხბურთელის აგენტი, ხოაკინ მაკანასი შეხვდა "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას და კლუბის სხვა წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ახალი კონტრაქტის პირობები. კლუბი თანახმაა გაუზარდოს ალვესს ხელფასი. "ბარსას" ახალი შეთავაზების მიხედვით დანი ანაზღაურების სახით მიიღებს იმდენს, რამდენსაც პიკე, ვალდესი და გუნდის კაპიტანი, პუიოლი. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელი "მესამე კატეგორიაში" მოხვდება, ვინაიდან ამ ფეხბურთელებზე მეტს ინიესტა და ჩავი იღებენ. ხოლო "ბარსელონას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ლიონელ მესი გახლავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ალვესი ითხოვდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიც ჩავის და ინიესტას აქვთ. ამიტომ მას თავისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ პასუხი არ უთქვავს კლუბის ხელმძღვანელობისთვის. დანიმ ახალი კონტრაქტის პირობები მეუღლესთან ერთად უნდა განიხილოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]