ალვეში - მეტი, ვიდრე მარჯვენა მცველი
გავიხსენოთ სტანდარტული ხუმრობა ან კლიშე: შემტევი მარცხენა მცველი - ”უფრო სწორად ვინგერი, და არა მცველი”. წლების განმავლობაში ეს შესამჩნევი მხოლოდ ბრაზილიელ მცველებში იყო. უახლოესი ისტორიიდან მაგალითები კაფუ და კარლოსი არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ითამაშეს 1998, 2002 და 2006 წლებში.
ხანდახან ეს ფრაზა სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგალითად 2002 წლის ჩემპიონატზე კარლოსი და კაფუ წარდგენილები იყვნენ როგორც მცველები, ”ფულ ბექები”, თუმცა თამაშობდნენ ვინგერებად. განსხვავება დიდი არ არის, მაგრამ ვინგერის ფუნქციები 3-5-2 ტაქტიკაში მკვეთრად განსხვავდება 4-4-2 ტაქტიკის ”ფულ ბექის” ფუნქციებისგან. ბრაზილიის ნაკრების ფლანგური გარღვევები დაზღვეული იყო სამი ცენტრალური მცველის და 2 ჩამშლელის მიერ.
ბრაზილიელების ესეთი თამაში სარისკო იყო, რადგან კონტრშეტევის დროს უკან მხოლოდ 5 ფეხბურთელი რჩებოდა. თუმცა ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რომ დაცვაში მუდმივად 4 მცველი და ერთი ჩამშლელი გეყენოს. 3-4-1-2 ტაქტიკაში კარლოსი და კაფუ ვინგერებად თამაშობდნენ და არა მცველებად. საკლუბო დონეზე კაფუმ საუკეთესო სეზონი ითამაშა მაშინ, როცა მისი გუნდი 3-4-1-2 ტაქტიკას თამაშობდა, ხოლო რობერტო კარლოსის საუკეთესო ხანა მაშინ დადგა, როცა ”რეალმა” ამავე სათამაშო სქემით დაიწყო თამაში.
ალვეშის როლი
ალვეში ცოტა სხვაგვარად თამაშობს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ბუსკეტსი ცენტრალურ მცველად იწევს და ”ბარსა” 3-4-3 ტაქტიკაზე გადადის, როგორც ეს მოხდა ”ატლეტიკოსთან” მატჩში. ”სევილიასთან” მატჩში, რომელიც 5:0 დასრულდა ალვეშმა უფრო მეტი დრო ”ბარსას” ნახევარმცველების წინ გაატარა, იმ დროსაც კი, როცა ბურთი ანდალუსიელებს ეკავათ.
”ბარსას” თამაში ისე იყო აწყობილი, რომ ალვეშს წინ ეთამაშა: მესი და ვილია ცენტრში თამაშობდნენ, ხოლო პედრო მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა. მარჯვენა შემტევის არყოფნა მიუთითებდა პეპ გვარდიოლას გეგმაზე: მან ალვეშს მიუთითა მთელი მარჯვენა ფლანგის გაკონტროლება. ეს მატჩის გადამწყვეტი მომენტი გახდა: ალვეშმა დიეგო კაპელი ისე ღრმად დაწია, რომ ის თითქმის მე-5 ნახევარმცველად თამაშობდა, რამაც ”სევილიას” შეტევებს დაღი დაასვა. იგივე განმეორდა ”ესპანიოლთან” მატჩში.
ალვეშის შეტევებში მონაწილეობა გუნდის მოქმედებებში აისახა. 2010/11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ალვეშმა გადაცემა შეტევით ხაზში 276-ჯერ მიიღო. გავყოთ ეს ნათამაშები მატჩების რაოდენობაზე და გამოდის 55.2. გასაგებია, რომ ალვეში ყველაზე შემტევ გუნდში თამაშობს, მაგრამ ის ”ბარსას” ნომინალურ თამდამსხმელებზე მეტ გადაცემას ღებულობს შეტევაში. ეს გადაცემები მიუთითებენ ალვეშის როლს ”ბარსას” შეტევებში.

გადაცემები, რომლებიც ალვეშმა გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში. ლურჯი ისრები - წარმატებული გადაცემები, წითელი - წარუმატებელი, ყვითელი - საგოლე გადაცემები.
ძირითად ფაქტორად ითვლება მისი მოქმედებები, ზოგიერთები თვლიან, რომ ალვეში უბრალოდ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და ის არ ფლობს კარგ ტექნიკას. ეს ასეც რომ იყოს მისი სიჩქარე გამძლეობასთან ერთად ნიშნავს, რომ ვერცერთი ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში მის შეჩერებას ვერ შეძლებს. სწორედ ეს ხდის მას ფეხბურთელად, რომლის წინააღმდეგაც თამაში რთულია. უკვე გუნდები ცდილობენ მარცხენა მცველი წინ წაწიონ, რათა ალვეში შეიზღუდოს. ეს მოხდა ”ვალენსიასთან” და ”ინტერთან” მატჩებში, როცა ჟერემი მატიე და კრისტიან კივუ გამოკვეთილად წინ ასპარეზობდნენ.
საჯარიმოში შერბენები
განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ალვეშის საჯარიმოში შერბენები ჩავისა და ინიესტას გადაცემების შემდეგ. ამ დროს ის თამაშობს ცენრფორვარდის როლს, რომელიც ელოდება შემყოლ გადაცემას. ასევე მოქმედებდნენ კაფუ და კარლოსი. ისინი მხოლოდ ფლანგებზე აქტიურობდნენ, რითაც ზონებს ხსნიდნენ, ალვეში კი თავად ცდილობს საჯარიმოში შესვლას და მოქმედებას.
[media=http://www.youtube.com/watch?v=nacuneyL_-M]
აღვნიშნოთ ხუთი ფაქტორი, რის გამოც ალვეშის მოქმედება უფრო სახიფათოა, ვიდრე ცენტრფორვარდის.
1) თანაგუნდელი აძლევს დიაგონალურ გადაცემას - რაც ნიშნავს, რომ ალვეშს აქვს მეტი სივრცე მოქმედებისთვის ბურთის მიღების დროს.
2) ეს ალვეშს საშუალებას აძლევს მცველებს მაქსიმალური სისწრაფით გაუსწროს. მას აქვს მთელი 20 მეტრი, რათა სიჩქარე აიღოს. მოწინააღმდეგე მცველს ამ დროს სიჩქარის აკრეფა უჭირს. თავდამსხმელს ამ დროს ცენტრიდან უწევს შესვლა და დროც არ აქვს სიჩქარის მოსამატებლად.
3) სიჩქარის აღების დროს ალვეში ახერხებს თანაგუნდელების მდებარეობის დანახვას.
4) ბურთის ჰაერში გაკონტროლება უფრო ადვილია, რადგან ფეხბურთელი ხედავს, თუ სად დაეცემა ის.
5) ალვეში მცველების თვალთახედვის არეში არ არის. მცველები მისგან მარჯვნივ იყურებიან, საიდანაც გადაცემა უნდა გაკეთდეს. ამ დროს ალვეში შეუმჩნევლად შერბის საჯარიმოში.
მაგალითის სახით ვნახოთ ეს მომენტი
[media=http://www.youtube.com/watch?v=iKKsNUQUVNM]
ალვეში როგორც მცველი
ალვეშის დადებითი მხარე დაცვაა, რასაც ხშირად ივიწყებენ. ლოგიკურია, რომ ის დაცვაში ისეთივე არ არის, როგორიც შეტევაში, თუმცა ბოლო წლებში როგორც მცველი ალვეში უკეთესი გახდა.
მოვიყვანოთ ერთი არგუმენტი, რომ მცველი არ უნდა ვარდებოდეს თამაშიდან. თუმცა ალვეშის შემთხვევაში სხვაგვარი სიტუაციაა. მას აძლევენ დავალებას, რომ წინ იმოქმოდოს. ლოგიკურია ის, რომ ამ დროს ის მცველის ფუნქციებს კარგად ვერ შეასრულებს. თუმცა მისი სისწრაფე აძლევს საშუალებას, რომ ჩაერთოს ისეთ მომენტებში, სადაც სხვა მცველები ხელს ჩაიქნევდნენ. შემდეგი ვიდეო ალვეშის დაცვით ფუნქციებს გვაჩვენებს.
ვიდეოს ყურების წინ გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ალვეშის ძირითადი დაცვითი პლიუსი არის ის, რომ წინ თამაშით ის ავიწროებს მოწინააღმდეგე გუნდის მარცხენა შემტევ ფეხბურთელს. დააკვირდით მომენტს 00:42 წუთზე, როცა ის აკეთებს 40 მეტრიან გარბენს, რათა კაპდევილიას შეხვდეს. დიახ, მომენტი ”ვილიარეალის” საჯარიმოსთან ხდება, თუმცა ეს ხომ დაცვაში თამაშია.
[media=http://www.youtube.com/watch?v=KoufcxKfTUM]
სისწრაფე და გამძლეობა ალვეშს ხდის საუკეთესო პრესინგის მოთამაშედ. ”ბურთის გარეშე ჩვენ საშინელი გუნდი ვართ, ამიტომ ჩვენ სულ ბურთი უნდა გვქონდეს” - აცხადებს გვარდიოლა. ეს გადაზედმეტებულია, თუმცა ასეთი მიდგომა თამაშზე აადვილებს შედეგს.
დასკვნები
ორი წლის წინ სიდ ლოუმ ალვეში მსოფლიოს საუკეთესო მეორე ფეხბურთელად დაასახელა. თამამი განცხადებაა, მაგრამ ეს უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგები, სადაც ალვეშმა 0.05% მიიღო.
”ბარსელონას” იოლი კალენდარი ალვეშის არყოფნას შეუმჩნეველს გახდის. კლუბი კი შეწუხებული უნდა იყოს, რომ ალვეშის კონტრაქტი კვლავ გაუხანგრძლივებელია. ჭორების მიხედვით ალვეშს სურს, რომ მესის შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდეს. რთული წარმოსადგენია ვინ იქნება მისი შემცვლელი და ეს კლუბისთვის დამატებითი თავის ტკივილი იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ ალვეში და ”ბარსელონა” ერთმანეთისთვისაა შექმნილი. ვერცერთი გუნდი ვერ მოერგება ალვეშს ისე, როგორც კატალონიელები მოერგნენ. თუკი ალვეში გეგმავს აჩვენოს საუკეთესო ფეხბურთი მისთვის ჯობია კლუბში დარჩეს. კლუბში, რომელიც იდეალურად იყენებს ალვეშის ფუნქციებს ბურთით და უბურთოდ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]