რა უნდა ვიცოდეთ ჯონ სთოუნზზე?
ტრავმიანობა
Goal - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ჯონ სთოუნზით ინტერესდება. "ბარსას" ცენტრალურ ზონაში პრობლემები სამუელ უმტიტის ქრონიკულმა ტრავმებმა წარმოშვა. დაბრუნებული ვერა და ვერ ახერხებს სათანადო ფორმაში შესვლას.
სწორედ აქ ჩნდება პირველი კითხვა - როგორ უნდა მოაგვაროს ჯონ სთოუნზმა ეს პრობლემა, როცა თავად იმაზე მეტი ტრავმა აქვს მიღებული, ვიდრე სამუელ უმტიტის?
როგორ უნდა მოაგვაროს სთოუნზმა პრობლემები, როცა იმაზე მეტად უჭირს ფორმის აღდგენა, ვიდრე სამუელ უმტიტის?
"ბარსელონა" სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს და სთოუნზი, ჯერჯერობით ყველაზე ცუდი ვარიანტია.
სტოუნსის მთავარი პრობლემა, გვარდიოლას აზრით
პეპი სთოუნზს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავდა, მაგრამ იმედები პირველივე სეზონში გაუცრუვდა. ინგლისელი ცენტრალურ ზონაში, იმაზე მეტ შეცდომას უშვებდა, ვიდრე პეპი ელოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, თუ სთოუნზს ძირითადში ვათამაშებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქეს მინიმუმ ორი შანსი ყველა შემთხვევაში ექნებაო.
ასე რომ, მთელი პირველი სეზონი სთოუნზის აღზრდას შეალია და უნდა ითქვას, რომ რაღაც შედეგს მიაღწია. მომდევნო სეზონი, ალბათ, საუკეთესო იყო მისთვის, პეპის ხელმძღვანელობით. შეცდომებს უკლო, ერთი-ერთზე ყოველთვის ძლიერი იყო და აგრესია არასდროს აკლდა, მეორე სართულზე ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერ ლიგაში და მეტოქის კართანაც ხშირად ქმნის საფრთხეს, მაგრამ ის მაინც ვერ ჩამოყალიბდა ისეთ მცველად, როგორადაც მოიაზრებდნენ. სთოუნზს უწინასწარმეტყველებდნენ ისეთ მომავალს, როგორიც ინგლისელ ლეგენდებს ჰქონდათ (ტონი ადამსი, სოლ კემბელი, რიო ფერდინანდი, ჯონ ტერი). გვიან არ არის, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ სთოუნზისგან ამ დონის მცველი ვერ დადგება.
მომდევნო სეზონიდან იგივე განმეორდა, სთოუნზმა საკუთარ ნახევარზე სერიოზული შეცდომების დაშვება დაიწყო, მარტივ სიტუაციებში აფუჭებდა პასებს, რასაც მის კართან გოლი მოჰქონდა. "ევერტონში" შეეძლო ბურთი უბრალოდ წინ გადაეგდო, მაგრამ "სიტიში" პეპი სხვა ფეხბურთს ითხოვს. სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება და ზუსტი მოკლე პასი კი სთოუნზის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.
ამას დაემატა ტრავმების სერია და ყოველი ტრავმის შემდეგ, შეცდომების რაოდენობა ისევ და ისევ იზრდება.
დასკვნა - "ბარსელონასთვის" აბსოლუტურად შეუფერებელი.
ინგლისელი ესპანეთში
ინგლისელები ყველაზე კარგად ინგლისში თამაშობენ. ესპანელებს პრემიერ ლიგა არაერთხელ დაუპყრიათ, მაგრამ ინგლისელის დაპყრობილ ლა ლიგას ვერავინ გაიხსენებს.
ბოლო პერიოდში, საუკეთესო ალბათ დევიდ ბექჰემი იყო და მასზეც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მანჩესტერში" გაცილებით უკეთესი იყო.
მაიკლ ოუენი, ჯონათან ვუდგეიტი. მოსისხლე მტრებმა უკვე მოგვცეს იმის კარგი მაგალითი, რომ ინგლისელი ფეხბურთელის შეძენისას ძალიან კარგად უნდა დაფიქრდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თანამედროვე ფეხბურთის ვუდგეიტი შეგვრჩეს ხელში.
"ცენტრალური მცველი ტექნიკის გარეშე, ეს უკვე განაჩენია." - ეს სიტყვები პაოლო მალდინის ეკუთვნის. ცენტრალურ მცველს მოეთხოვება, რომ იყოს ტექნიკური, რადგან უკანასკნელი ფეხბურთელია მეკარემდე და მისი ტექნიკური წუნი, ნიშნავს გოლს, საკუთარ კარში.
ინგლისელი მცველების პლიუსი ტექნიკა არასდროს ყოფილა. ბოლო ტექნიკური მცველი, ალბათ, რიო ფერდინანდი იყო. პრემიერ ლიგაში ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, რომ ეს წუნი დიდად არ ჩანდა, მაგრამ რაც პეპმა სათამაშო ფილოსოფია შეცვალა, გამოჩნდა, რომ ინგლისელებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა.
სწორედ ამიტომ, "ბილბაოდან" ფრანგი ცენტრალური მცველი წაიყვანა. "ლივერპულს" ჰოლანდიელი ჰყავს, რომელსაც ასევე არ ეშლება ბურთთან ურთიერთობა, ინგლისელებს კი დიდი დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ ასეთი ტექნიკური მცველები აღზარდონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]