ზუსტად 10 წლის წინ - ლიონელ მესის პირველი პოკერი
ზუსტად 10 წლის წინ, 2010 წლის 6 აპრილს, "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "არსენალთან" არაამქვეყნიური თამაში აჩვენა, გაიტანა რა 4 ბრწყინვალე გოლი და მისი გუნდი ტურნირის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
"მეთოფეებსა" და "ბარსელონას" შორის ლონდონში გამართული პირველი შეხვედრა "ემირეითსზე" ფრედ (2:2) დასრულდა. ყველაფერი "კამპ ნოუზე" უნდა გარკვეულიყო.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით თამაშში, რომელიც კატალონიელებმა 4:1 მოიგეს, ანგარიში მე-18 წუთზე ლონდონელთა თავდამსხმელმა, ნიკლას ბენდტნერმა გახსნა, თუმცა ზუსტად 3 წუთში ლეო მესიმ წონასწორობა აღადგინა. არგენტინელმა ვარსკლავმა 37-ე და 42-ე წუთებზე მანუელ ალმუნიას კარი კიდევ 2-ჯერ აიღო. პირველი ტაიმის შემდეგ "ბლაუგრანას" შემტევის აქტივში უკვე ჰეთ თრიქი იყო. მატჩის მეორე ნახევარი უბრალო ფორმალობა უნდა ყოფილიყო, თუმცა 32 წლის ფეხბურთელმა მე-4 ბურთიც გაიტანა და კარიერაში პირველი პოკერი შეასრულა.
"არსენალის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, შეხვედრის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა: "მესი PlayStation-ის მოთამაშეს ჰგავს. ვფიქრობ, მას შეუძლია, თითოეული შეცდომა გამოიყენოს. "ბარსელონა" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ კატალონიელებს ჰყავთ ლეო, რომელსაც თამაშში სხვაობის შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. წავაგეთ ჩვენზე უკეთეს კლუბთან, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. მან შეუძლებელი შესაძლებელი გახადა. მას რაღაც განსაკუთრებული აქვს. ის შეუჩერებელია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]