MD: მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დიდი ოცნება "ბარსელონაში" თამაშია. კატალონიური წყაროს მტკიცებით, 30 წლის ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჟორდი მესტრეს, 2017 წელს ეს პირდაპირ უთხრა.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "ბარსა" და "იუვე" არტური-პიანიჩის შესაძლო ბარტერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამასთან დაკავშირებით Mundo Deportivo-მ ის 3 შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ბოსნიელი მოთამაშე "ბლაუგრანაში" გადასვლასთან ახლოს იყო.
პირველად მირალემ პიანიჩის სახელი კატალონიურ კლუბს 2014 წელს დაუკავშირეს, როდესაც "ბლაუგრანას" ლუის ენრიკე წვრთნიდა. ესპანელი სპეციალისტი ნახევარმცველთან ერთად "რომაში" მუშაობდა და მას ფეხბურთელის ხილვა "ბარსაშიც" სურდა.
მეორედ ესპანეთის ჩემპიონები ბოსნიელი შუახაზელით 2017 წელს დაინტერესდნენ, როდესაც პიანიჩი და მესტრე ერთმანეთს შეხვდნენ. თუმცა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მაშინ მირალემში 38 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არ იყვნენ.
ბოლოს პიანიჩს "ბლაუგრანაში" გადასვლა 2018 წელს შეეძლო, მაგრამ ტრანსფერი "იუვენტუსის" მიერ ფეხბურთელში მოთხოვნილი დიდი თანხის გამო არ შედგა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, მირალემ პიანიჩს "ბარსელონაში" გადაბარგებისთვის ზაფხულში, შესაძლოა, ბოლო შანსი ჰქონდეს. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არტურმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ "ბლაუგრანაში" დარჩენა უნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]