"ბარსას" დილემა
კიკე სეტიენი აპირებს, რომ უსმან დემბელე მაქსიმალურად გამოიყენოს, მას შემდეგ, რაც ფრანგი ვარჯიშს დაუბრუნდება. დემბელემ ოპერაცია, 11 თებერვალს, ფინეთში გაიკეთა.
როგორც ჩანს, "ბარსელონა" დემბელეს გაშვებას მაინც არ აპირებს. უამრავი ჭორი ვრცელდება, რაც ნორმალურია სატრანსფერო პერიოდში, მით უმეტეს, ამხელა პაუზის პირობებში, მაგრამ კონკრეტული, ჯერჯერობით, არაფერია.
დემბელეს ტრავმის გარეშე არცერთი სეზონი არ ჩაუტარებია, მაგრამ მისი ჯერ კიდევ ეიმედებათ. თანაც, კლუბს არ სურს, რომ ფინანსური ზარალი კიდევ ერთი ტრანსფერით მიიღოს. დემბელეს იგივე ფასად ვეღარ გაყიდიან. მისი ფასი საგრძნობლად დაეცა, ტრავმების, მისი საქმისადმი დამოკიდებულებისა და რაც მთავარია, კორონავირუსის გამო.
თავის დროზე, დემბელეში 105 მილიონი ევრო გადაიხადეს. პლუს 20 მილიონი ევრო ბონუსებით. უსმანს, ორ კვირაში, 23 წელი შეუსრულდება და ვერ ვიტყვით, რომ კარიერის საწყისი ეტაპი ნაყოფიერი გამოუვიდა.
კიკე სეტიენი
დემბელეს ტრავმის რეციდივიდან, უკვე სამი თვე გავიდა. სეტიენმა ვერც მისი გამოყენება შეძლო და ვერც სუარესის. ამ პირობებში ყველა ელოდა, რომ გრიზმანის როლი გაიზრდებოდა, მაგრამ ის ისევ ისე გამოიყურება, როგორც ერთი რიგითი ფეხბურთელი და არა ვარსკვლავი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მოდი ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესს გადის.
ამიტომ, "ბარსამ" განგაში ატეხა და ბრეითუეიტი შეიძინა.
სეტიენი რომ დემბელეს გამოყენებას გეგმავდა, ამაში მაშინვე დავრწმუნდით, როგორც კი პირველი კომენტარი გააკეთა და საჯაროდ შეაქო.
"ის შესანიშნავი იყო იმ თამაშებში, რომლებსაც ვუყურე. მისი ინტენსივობა და სისწრაფე შეუფასებელია. ცრემლები მომდის იმის შემხედვარე, თუ როგორ უშლის ხელს ტრავმები პოტენციალის სრულად წარმოჩენაში. ის კლუბში დიდხანს უნდა დარჩეს, მასთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს. - თქვა სეტიენმა.
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ესპანურად ცოტა სხვაგვარად ჟღერს - "თუ გინდა ღმერთი გააცინო, მოუყევი შენი გეგმების შესახებ".
მოუყვა სეტიენმა. ღმერთმა, სავარაუდოდ, იცინა და დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო. თანაც ისეთი სიმძიმის, რომ ექვსთვიანი უქმობა გამოუწერეს.
მოლოდინი
თუ გავითვალისწინებთ იმ ქაოსს, რაც ფეხბურთში სუფევს, არ არის გამორიცხული, რომ დემბელემ სეზონის ჩამთავრება მაინც მოასწროს. თუმცა, არავინ იცის, როდის განახლდება, ან საერთოდ, განახლდება თუ არა ჩემპიონთა ლიგა. თუ ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა, თარიღი ისე გადაიწევს, რომ დემბელე ნახევარფინალისთვის, ან ფინალისთვის მზად იქნება. (თუ "ბარსა" აქამდე მივიდა).
Mundo Deportivo-ს მტკიცებით, სეტიენის დარჩენის მომხრეების ერთ-ერთი მოტივი, დემბელეს შენარჩუნებაა. მათ მიაჩნიათ, რომ სეტიენი მოთმინებით დაელოდება დემბელეს დაბრუნებას და ისევ მისცემს შანსს, რომ კლუბს სარგებელი მოუტანოს. სხვა მწვრთნელებზე კი, როგორც ჩანს, ეჭვი არსებობს, რომ დემბელეს გაყიდვას მოითხოვენ. (სხვა მწვრთნელში, პირველ რიგში, ჩავი იგულისხმება.)
უსმანს არასდროს აკლდა კლუბისგან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მართალია, ძალიან რთულად და ნელი ტემპით, მაგრამ ის მაინც იზრდება, როგორც პროფესიონალი. მისი მთავარი პრობლემა, შესაძლოა, ნეიმარი გახდეს, მაგრამ ბრაზილიელის გადმოსვლა ამ ფინანსურ პირობებში, თითქმის წარმოუდგენელია. ამიტომ, თუ ნეიმარი "ბარსაში" არ დაბრუნდება, დემბელეს არავინ გაუშვებს.
ტრანსფერი
2017 წლის ზაფხულში, დემბელე სწორედ ნეიმარის შემცვლელად მოიყვანეს. ფრანგმა, "დორტმუნდში" ჩატარებულ უკანასკნელ სეზონში, 21 საგოლე გადაცემა შეასრულა და ყველას ყურადღება მიიქცია. ისევე გაიბრწყინა ბუნდესლიგაში, როგორც ახლა სანჩო ბრწყინავს.
"ბარსელონაში" კი უკვე მეცხრე ტრავმას მკურნალობს.
მიუხედავად ამდენი ტრავმისა, დემბელეს მსურველები არ აკლია. განსაკუთრებით კი პრემიერ ლიგიდან. სკაუტებიც ხვდებიან, რომ ფრანგის სათამაშო სტილს, ყველაზე მეტად, სწორედ პრემიერ ლიგა შეეფერება. იურგენ კლოპი მისი დიდი თაყვანისმცემელია, მაგრამ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, კლოპს სურს, რომ მადრიდის "რეალს" მბაპე ააცალოს. მბაპეს მამასაც ესაუბრა და დიდ გეგმებს აწყობს. სანაცვლოდ მადრიდელებს, სავარაუდოდ მანეს დაუთმობს.
თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ვარაუდებია.
დემბელე კი ისევ "ბარსელონაში" იქნება.
ფრანგს კარგად იცნობს ტუხელიც. ყველაზე კარგი სეზონი სწორედ მის ხელში ჩაატარა. ამიტომ ბუნებრივია, ყველა ფიქრობს, რომ დემბელესა და ნეიმარის გაცვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ იქნება.
ეს კი არ არის მარტივი დილემა, რადგან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ფიზიკური მომზადებით, ისე საქმისადმი დამოკიდებულებით.
ნეიმარი, ჯერჯერობით, უკეთესი ფეხბურთელია, მაგრამ დემბელე გაცილებით ახალგაზრდაა. ამიტომ, ძალიან რთული არჩევანი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]