"ლა მასიას" კიდევ ერთი ტალანტი ტოვებს
ბოლო წლებში დამკვიდრებული სამწუხარო ტენდენცია, რომელიც "ლა მასიიდან" ტალანტების გადინებას გულისხმობს, გრძელდება.
Sport-ის ცნობით, მორიგი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონას" ტოვებს, 16 წლის მარჯვენა მცველი მარკ ხურადოა. კატალონიური გამოცემის ცნობით, თავისი თაობის ლიდერად შერაცხულმა ხურადომ, "ბლაუგრანასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და ის, სულ რაღაც 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება.
დაცვის მარჯვენა ფლანგი სწორედ ის პოზიციაა, რომელიც "ბარსელონაში", დანი ალვესის წასვლის შემდეგ, გადაუჭრელ პრობლემად იქცა და თუ "ლა მასიიდან" ამ პოზიციაზე მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელი პირველ გუნდში აღზევდებოდა, ეს პრობლემა დიდი ხნით მოგვარდებოდა. თუმცა, ადგილობრივი პრესის ცნობით, ხურადომ ინგლისში თამაში ამჯობინა.
"ლა მასიიდან", პირველ გუნდში მოხვედრის გარეშე, არაერთი ფეხბურთელი წასულა. ზოგმა მათგანმა გაიბრწყინა, ზოგმა - ნაკლებად. "ბარსელონას" ჟერარ პიკეში გაუმართლა - ფეხბურთელმა სერ ალექს ფერგიუსონთან მუშაობით ბევრი რამ ისწავლა და კატალონიელებმა ის სულ რაღაც 5 მილიონ ევროდ დაიბრუნეს. იგივე ვერ ვიტყვით სესკ ფაბრეგასზე, რომლის დაბრუნებაც, იმ დროისთვის (2011 წელი) საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაჯდა და "ლა მასიელმა" მოლოდინები ვერც გაამართლა. კიდევ ერთი ყოფილი "ლა მასიელი", რომელშიც "ბარსას" ფულის გადახდა მოუხდა, ჟორდი ალბაა. კატალონიელი მარცხენა მცველი, 2012 წელს, "ბლაუგრანაში" 14 მილიონად დაბრუნდა.
"ლა მასიის" დატოვების ბოლო ხმაურიანი შემთხვევა გასულ წელს დაფიქსირდა, როდესაც ჩავი სიმონსი "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]