ბარსელონა-ატლეტიკო - ესპანეთის თასის ისტორიაში საუკეთესო თამაში [VIDEO]
არსებობს "ბარსელონას" მონაწილეობით გამართული 2 თამაში, რომლებიც თავიანთ ტურნირებზე, ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევა და არცთუ უსაფუძვლოდ.
ერთი ესაა 2015 წელს, თბილისში, ევროპის სუპერ თასზე, "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გამართული მართლაც ლეგენდარული დაპირისპირება. მეორეს კი ახლა გაგაცნობთ, ან, ვისთვისაც ნაცნობია - გაგახსენებთ.
ესპანეთის თასის 1996/1997 წლების სეზონში, 1/4-ფინალში "ბარსა" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. მადრიდში, ხუან ანტონიო პიცის დუბლის წყალობით, "ბარსელონამ" 2-2 ითამაშა და "კამპ ნოუზე" გასამართი მატჩის წინ, უპირატესობა მოიპოვა.
ბარსელონაში გამართულ დაპირისპირებაში, მასპინძლებს ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდათ: ვიტორ ბაია, პოპესკუ, კოუტუ, ბლანი, აბელარდო, სერხი, დე ლა პენია, ფიგუ, გვარდიოლა, ლუის ენრიკე, რონალდო. შეცვლაზე კი პიცი, სტოიჩკოვი და ნადალი შევიდნენ.
რომ არ დაგასპოილეროთ, სანამ კითხვას განაგრძობთ, ვიდეოს უყურეთ:
პირველივე ტაიმში, მილინკო პანტიჩმა ჰეთ თრიქი შეასრულა და სტუმრები წინ ანგარიშით 3-0 გავიდნენ, რაც ადგილობრივი პუბლიკისთვის სრული შოკი იყო. შესვენების შემდეგ, იუგოსლავიელმა მე-4 გოლიც გაიტანა, მაგრამ როდესაც მეტოქე გუნდში რონალდო თამაშობს, პანტიჩის გოლების რაოდენობას მნიშვნელობა ეკარგება.
გოლები: 0-1 პანტიჩი 9, 0-2 პანტიჩი 28, 0-3 პანტიჩი 31, 1-3 რონალდო 47, 2-3 რონალდო 50, 2-4 პანტიჩი 51, 3-4 ფიგუ 67, 4-4 რონალდო 72, 5-4 პიცი 83.
1/2-ფინალში, "ბარსამ" "ლას პალმასს", 2 მატჩის ჯამში, 7-0 მოუგო, ხოლო ფინალში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", დაძაბულ ბრძოლაში, ფიგუს დუბლითა და პიცის გოლით, "ბეტისს" დამატებითი ტაიმის წყალობით აჯობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]