პარი სენ ჟერმენი-ბარსელონა...
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენს" დაუპირისპირდება. ძნელი სათქმელია, გაუმართლათ თუ არა კატალონიელებს. ერთის მხრივ, პსჟ ევროპული გრანდი არაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ პარიზელებს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ.
ნაცნობი სახეები
"პარი სენ ჟერმენში" "ბარსელონას" 3 ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს. ესენი არიან ტიაგო მოტა, მაქსველი და რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. თუმცა, დისკვალიფიკაციის გამო, შვედი თავდამსხმელი პირველ თამაშს გამოტოვებს. იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგას "კამპ ნოუზე" დაუბრუნდება...
ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ეს გუნდები ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან. 1994-95 წლების სეზონში, პსჟ-მ 2 მატჩის ჯამში 3:2 მოიგო.
პირველი შეხვედრა 1995 წლის 1 მარტს გაიმართა. "ბარსელონამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ბუსკეტსი, ფერერი, გუარდიოლა (ამორი), კუმანი, სერხი, ბაკერო, კორნეიევი, სტოიჩკოვი, ივანი, ხოსე მარი, ბეგირისტაინი (ესკურსა). თამაში 1:1 დასრულდა. კატალონიელთა მხიდან თავი კორნეიევმა გამოიჩინა.
2 კვირის შემდეგ, პარიზში, განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბარსამ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბუსკეტსი, ფერერი, სერხი, კუმანი, ნადალი, ბაკერო, ივანი, სტოიჩკოვი, ეუსებიო, ჰაჯი (აბელარდო), ბეგირისტაინი (ხოსე მარი). თამაში პარიზელებმა 2:1 მოიგეს. სტუმართა მხრიდან გოლი ბაკერომ გაიტანა.
ბოლო ოფიციალური მატჩი, რომელშიც გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ, 1997 წლის 14 მაისს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გაიმართა. "ბარსელონას" შემადგენლობა ასეთი იყო: ვიტორ ბაია, ფერერი, კოუტუ, სერხი, პოპესკუ (ამორი), გუარდიოლა, ფიგუ, დე ლა პენია (სტოიჩკოვი), ლუის ენრიკე (პიცი), რონალდო. თამაში "ბარსელონამ" რონალდოს ერთადერთი გოლით მოიგო.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში, გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ. თამაში 2:2 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში "ბარსელონამ" 4:1 მოიგო. თამაშის დეტალების ხილვა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
ორრაუნდიან დაპირისპირებაში, პსჟ ესპანეთის წარმომადგენლებს 5-ჯერ შეხვედრია და ფრანგული გუნდი შემდეგ ეტაპზე ხუთივე შემთხვევაში გავიდა.
პარი სენ ჟერმენი
ამჟამად, "პარი სენ ჟერმენს" ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. პარიზელებს სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი უდგათ. გუნდში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დევიდ ბექჰემი, ეზეკიელ ლავესი, ხავიერ პასტორე, ლუკას მოურა, ტიაგო სილვა და ა.შ. შემადგენლობის გათვალისწინებით, მოულოდნელი არაა, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. პარიზელები გასულნი არიან საფრანგეთის თასის 1/4-ფინალშიც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]