ვიქტორ ფონტი: ხალხს მესის ზედმეტად ეშინია
ვიქტორ ფონტი, რომელიც მომდევნო წელს "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს, El Periodico-სთან ინტერვიუში, კლუბისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე საუბრობს.
ფონტს ჰკითხეს, არის თუ არა გუნდის კაპიტანთან, ლიონელ მესისთან, ურთიერთობა რთული.
"დარწმუნებული ვარ, რომ მესისთან ურთიერთობა რთული არ არის, ამას ჩავისთან საუბარიდან ნათლად ვხედავ. მესი ჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან კონკურენტული, ისტორიაში საუკეთესო. მის მიზანს გამარჯვება წარმოადგენს. ზოგჯერ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხალხს მისი ზედმეტად ეშინია. მას, რაც შეიძლება, რბილად უნდა მოვეპყრათ.
მესის სურს, რომ კლუბისთვის გამარჯვებები მოიპოვოს, მოიგოს მეტი ჩემპიონთა ლიგა და თითოეული ჩვენგანი მას ამაში უნდა დავეხმაროთ".
კითხვაზე, იქნება თუ არა ჩავი მზად მთავარი მწვრთნელობისთვის მომდევნო წელს, იგი პასუხობს:
"ვთვლი, რომ კი. ვნახოთ, გარისკვა საჭიროა, რადგან შეიძლება იფიქრო, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უკეთ მოემზადები. მე მჯერა ჩავის თანდაყოლილი, ბუნებრივი უნარების. გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, იგი მზადაა".
ფონტის თქმით, "ესპაი ბარსა" კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
"კამპ ნოუსა" და "პალაუ ბლაუგრანას" რეკონსტრუქცია სასწრაფოდ არის განსახორციელებელი, ეს ორივესთვის აუცილებელია. ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წელს ვფიქრობდით", - თქვა 47 წლის ფონტმა.
აგრეთვე, ფონტმა განაცხადა, რომ კლუბის მართვაში ისეთი ადამიანები უნდა ჩაერთონ, როგორებიც ჟორდი კრუიფი, პეპ გვარდიოლა, კარლეს პუიოლი, ოსკარ გარსია, ჟოან ვილა და ალბერტ ბენაიხესი არიან.
"ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელს გაიმართება. ბოლო კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, ჟორდი ფარეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]