ბართომეუს დარჩენლი 10 პრობლემა
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი. ბართომეუმ უკვე ჩაატარა "წმენდა" თავის გუნდში და დატოვა მხოლოდ ის ხალხი, რომელთაც ბოლომდე ენდობა. იმედოვნებს, რომ არც ერთი მათგანი, არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ისღა დარჩენია, ყველაფერი იღონოს, რათა ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტად არ შევიდეს კლუბის ისტორიაში.
ჩამოვთვლით ათ პრობლემას და ამავე დროს შესაძლებლობას, რომ სირცხვილს თავი დააღწიოს. თუმცა, ეს პარაგრაფები იქნება ქრონოლოგიური დროსთან და არა მნიშვნელობასთან მიმართებაში, - წერს ჩავიერ ბოჩი, Mundo Deportivos ჟურნალისტი.
აუდიტი
სკანდალი, რომელიც კორონავირუსამდე დაიწყო, დღემდე ბურუსით მოცულია. მართალია, ბართომეუ პირდაპირ ხელს ადებდა რამდენიმე მენეჯერს და ვისაც ხელი დაადო, ყველა გაათავისუფლა, მაგრამ თავად მენეჯერები, სოციალური ქსელის სკანდალში მონაწილეობას უარყოფენ და არც დამამტკიცებელი საბუთები არსებობს მათ მიმართ. იგივე წარმატები შეიძლება ვინმემ ხელი დაადოს ბართომეუს და არც მას ექნება თავის გასამართლებელი საშუალება, ერთადერთი ის აძლევს უპირატესობას, რომ პრეზიდენტია და მეტოქეების ჩამოცილება შეუძლია.
რა თქმა უნდა, მის ინტერესებშია, რომ ყველაფერი გაირკვეს. იქნებ, ფიქრობს კიდეც, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებულია და ფანებმა ეს დაივიწყეს?! ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ასე არ არის, სოციალური ქსელის სკანდალი, არის ლაქა, რომლის მოცილებაც ძალიან გაჭირდება.
ფინანსები
"ბარსა", კორონავირუსის გამო, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მენეჯერები ყველაფერს კორონავირუსს აბრალებენ, მაგრამ იმის აღნიშვნა ავიწყდებათ, რომ ყველა გრანდმა შეძლო სიტუაციის ნორმალიზება, "ბარსამ" კი ეს ვერ შეძლო. თვის ბოლოს, ახალი ბიუჯეტი უნდა წარადგინონ და "ბარსას" ვარსკვლავების გაყიდვა აუცილებლად მოუწევს. ხელს იშვერდნენ ფეხბურთელებისკენაც და ამბობდნენ, რომ მათ ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ ევროპაში, მაგრამ მენეჯერებს აქაც ხელი მოეცარათ, რადგან კაპიტნები და მთელი გუნდი, მარტივად დათანხმდა ხელფასების შემცირებას.
მათი ხსნა კოუტინიოშია, ყველაზე კარგი ვარიანტი კი "ნიუკასლი" იქნება, თავის არაბული ინვესტიციით. მხოლოდ ამას შეუძლია, ბიუჯეტი გარღვევის გარეშე დამტკიცდეს.
იმიჯი
ამ მხრივ ლაპორტას იდეალურად შეეძლო მუშაობა, მის პერიოდში "ბარსამ" წარმატებულად ითანამშრომლა Unicef-თან, დიდი თანხა გაიღო ქველოქმედებისთვის და კიდევ უფრო მეტი მიიღო, გაუმჯობესებული იმიჯის გამო.
ახლა იგივე ტაქტიკა აქვს ბართომეუს, რომელმაც განიზრახა, რომ კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად და ვირუსის კვლევებისთვის გაიღოს დიდძალი თანხა. როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის The New York Times - ისგანაც, მაგრამ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და თუ ეს ინიციატივა, ინიციატივადვე დარჩა, ამას ბუმერანგის ეფექტი ექნება და კლუბის იმიჯზე, უარყოფითად იმოქმედებს.
2020-2021 წლების სეზონი
ამბობენ, რომ შესაძლებელია, გულშემატკივრები, სექტემბერში დაუბრუნდნენ სტადიონებს, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. დაკვირვების შემდეგ კი, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შესაძლებელი იქნება იანვრიდან, ფეხბურთი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
არაფერია გარკვეული, მხოლოდ ერთი რამ ვიცით - "ბარსა" "კამპ ნოუდან" მიღებული შემოსავლის, ან ნახევარს დაკარგავს, ან მთელ თანხას.
ამის ორგანიზება სწრაფად არის საჭირო, რომ კლუბმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმოს და ისევ მოუმზადებელი არ შეხვდნენ კრიზისს.
რეფერენდუმი
ჯერ კიდევ გაურკვეველია მოხდება თუ არა "კამპ ნოუს" რეაბილიტაცია. ეს ძალიან დიდი პროექტია, რომელიც უკვე დიდი ხანია მზადდება, მაგრამ განხორციელება არც კი დაწყებულა, მით უმეტეს, შემაფერხებელი გამოდგა დღევანდელი ვითარება და საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება. წესით და რიგით, ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, სავარაუდოდ შემოდგომით ჩატარდება.
მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, პარტნიორები და ბანკები "ახალი კამპ ნოუს" პროექტს მხარს უჭერენ.
შემოსავალი-გასავალი
შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, გსავალი კი თითქმის იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებმა ხელფასები შეიმცირეს. "ბარსას" ვალები აქვს, რომლის გადახდაც ზუსტად იგივე გრაფიკით მოუწევს, რა გრაფიკითაც აქამდე იხდიდა. თუ არადა, პროცენტი დაემატება და კლუბი იქამდე განაგრძობს ვალებში ჩაშვებას, სანამ საბოლოოდ არ გაკოტრდება.
მსგავსი პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ კლუბს, რომელთა შემოსავალ-გასავალი არასტაბილურია. ამიტომ კლუბებმა უნდა მოითხოვონ ახალი რეგულაციები FIFA-სგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი ელით.
კონტრაქტები
2015 წელს, ბართომეუმ პირველი ბიუჯეტი წარადგინა, 633 მილიონის ოდენობით. მშვენიერი რიცხვია, თუმცა, ამის გამოყენება ნაყოფიერად მაინც ვერ შეძლო, ახლა კი ესეც პრობლემატურია. ჯერ ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ კლუბი აუცილებლად დაიწყებს ფეხბურთელების კონტრაქტების გადახედვას, სპორტსმენებს იმედი ჰქონდათ, რომ ხელფასების შემცირება მცირე ხანს გასტანდა, მერე კი ყველაფერი თავის რეჟიმში დაბრუნდებოდა, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ ბევრ მათგანს ახალი კონტრაქტის მიღება მოუწევს, რომელიც დაბალ ხელფასზე იქნება გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბზე ზეწოლა გაიზრდება და ფანები როგორ მიიღებენ ამას, ეს კიდევ სხვა თავის ტკივილია.
მესის ფაქტორი
ყველამ იცის, რომ მესის წასვლა შეუძლია, მას კონტრაქტი ვერ შეაკავებს და ყველა კონფლიქტი მენეჯერებთან, არის ნაღმი, რომელიც შეიძლება ხელში აგვიფეთქდეს. რამდენის მოთმენას შეძლებს კაპიტანი? ამ დროის განმავლობაში მმართველობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გუნდი ჩამოშლილიყო და მიუხედავად იმისა, რომ მესიმ საოცარი სეზონი ჩაატარა, "ბარსამ" ლიგის მოგება მაინც ვერ შეძლო. ეს კი მეტწილად, წარუმატებელი ტრანსფერებისა და შეუფერებელი მწვრთნელის ბრალი იყო.
მესისთან უერთიერთობის დალაგება ბართომეუს ალბათ აღარ გამოუვა, ამიტომ მისი ერთადერთი გამოწვევა ის არის, რომ კიდევ უფრო მეტად არ გააფუჭოს საქმე. მესის გულის მოსაგებად ტრანსფერების განხორციელებაა საჭირო, ეს კი ასეთ დროს რა რთული იქნება, ყველას კარგად მოეხსენება.
მომავალი არ ჩანს
ფაქტია, რომ "ბარსამ" ჩავის, ინიესტას, პუიოლისა და ალვესის შეცვლა ვერ შეძლო. დრო მოვა და შესაცვლელი იქნება პიკე, ალბა, ბუსკეტსი და სუარესი. პრინციპში, ეს დრო უკვე მოვიდა, მაგრამ შემცვლელები არ ჩანან. მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელთაც "ბარსას" მომავალი უკავშირდება. ტერ შტეგენი და ფრენკი დე იონგი.
ძალიან ცოტაა სამომავლო გეგმებისთვის.
ლაუტარო სუარესს შეცვლის?
ნუ ვიქნებით ასე დარწმუნებულნი, ჩვენ უკვე ვცადეთ ნეიმარის შეცვლა და ყველა ჯერზე კატასტროფა მივიღეთ.
ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონთა ლიგის მოგებამ, შესაძლოა, ბართომეუს იმიჯი, ოდნავ მაინც იხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც და ვალვერდეც, პირველ რიგში, ყველას დაამახსოვრდება რომით და ლივერპულით, სადაც კლუბმა საშინელი მარცხი იწვნია და ფანებს ნაიარევი, სამუდამოდ დაუტოვა.
"ბარსას" მოწყალე ფანები ჰყავს. ასეთი მარცხის გამო, პაოლო მალდინის, ფანებმა ბოდიშის მოხდა მოთხოვეს, რაზეც პაოლომ უარი განაცხადა, ამის საპასუხოდ, გამოსათხოვარ მატჩზე, დიდი ბანერი გამოუფინეს - "ჩვენი კაპიტანი, ფრანკო ბარეზია". - პაოლომ შუა თითი გაიშვირა ფანებისკენ და სულ მეძავის შვილები ეძახა. ტრიბუნაზე კი გაოგნებული ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი ისხდნენ, რომელთაც ვერ წარმოედგინათ, რომ "მილანის" ფანები, თავიანთ ლეგენდას, ამას გაუბედავდნენ, მაგრამ გაუბედეს, იმიტომ, რომ "დეპორტივოსთან" და "ლივერპულთან" მარცხი, ძალიან შეურაცხმყოფელი გამოდგა.
იქნებ "ბარსამ" მეტად უნდა დააფასოს თავის ერთგული ფანები, რომლებიც მიუხედავად ორი ასეთი მძიმე მარცხისა, მაინც გულმხურვალედ უჭერენ მხარს თავიანთ საყვარელ კლუბს?! იმსახურებს ვინმე, მათზე მეტად, ლიგის მოგებას?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]