"მიმიკდამწუხრებულობიდან" დიდ გამარჯვებამდე

"მიმიკდამწუხრებულობიდან" დიდ გამარჯვებამდე

ფეხბურთში, იშვიათად თუ "შეხვდებით" ისეთ დაპირისპირებებს, რომელშიც 8, 9, ან საერთოდ 10 გოლი გადის. იშვიათობამ კი თავი გუშინ, "სეგუნდა დივიზიონის" 26–ე ტურის შეხვედრებში გამოყო. "ბარსა ბ"–მ "ნუმანსია" გასვლით შეხვედრაში ანგარიშით, 4–6 დაამარცხა!..

მართალია ბოლო 2 გასვლით შეხვედრაში ლუის ენრიკეს ფეხბურთელებს გამოცდილების, ნული ქულისა და დამწუხრებულის სახის მიმიკების მეტი არაფერი მოუპოვებიათ, მაგრამ ეს ასე დიდ ხანს არ გაგრძელებულა. თურმე გუშინ სწორედ ამ "მიმიკდამწუხრებულმა" ფეხბურთელებმა მოახერხეს და გასვლით შეხვედრაში, 6 გოლი გაიტანეს! თუმცა, საკუთარ კარში 4 მიიღეს. ამასაც ხომ მოხერხება უნდა?..

მასპინძელთა მხრიდან თავის წარმოჩენა 4–მა ფეხბურთელბმა მოახერხა. ზუსტად ამავე რაოდენობის ფეხბურთელმა მოახერხა თავის გამოჩენა "ბარსას" მხრიდანაც, მაგრამ ოდნავ განსხვავებულად. კატალონიელების თავდამსხმელმა, სორიანომ ჰეტ–ტრიკი შეასრულა, რაც "ბარსა ბ"–ს წარმატებაში ძალიან, ძალიან დაეხმარა. მატჩში პირველი გოლი 32–ე წუთზე, ზემოდხსენებულმა ჰეტ–ტრიკის ავტორმა მოახერხა. მას "ნუმანსიას" ფეხბურთელებმა 44–ე და 46–ე წუთებზე გოლებით უპასუხეს. ამ 2–გოლიან პასუხს კი სორიანომაც დუბლით უპასუხა და გაიჭრა წინ ლუის ენრიკეს გუნდი. წინ გაჭრილ კატალონიელებს კი 70–ე წუთზე ინიგო ველეზი დაეწია, რასაც 76–ეზე ესპინოსას გოლი მოჰყვა. "ბარსა ბ" კვლავ წინ გაჭრილი, ამაყად დააბიჯებდა "ლოს პახარიტოსის" მწვანე მინდორზე, მაგრამ 85–ე წუთზე ამაყად დაბიჯებული ნაბიჯები გაქრა. სამაგიეროდ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გოლი მასპინძლების 17–მა ნომერმა, ბარკერომ გაიტანა. ბარკეროსაც 2–ბურთიანი პასუხი ხვდა წილად. ბენხას და ედუარდოს გოლების წყალობით, "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებმა ამაყად, თავაწეულებმა დატოვეს "ნუმანსიას" ბუნაგი. ბუნაგი, სადაც 10 გოლი გავიდა...

ახლა კატალონიელები "სეგუნდაში" მეშვიდე ადგილზე არიან გამაგრებულნი. მათ 37 ქულა დაუგროვდათ, თუმცა ასეთივე შედეგი აქვს "ხერეზსაც" და "კართაგენასაც", რომლებიც გატანილ გოლებს უჩივიან და ამიტომაც მერვე–მეცხრე ადგილებზე ნაწილდებიან. მორიგი დაპირისპირება ახალგაზრდა ფეხბურთელებს პირველ მარტს ელით, როდესაც საკუთარ მოედანზე "კორდობას" მიიღებენ და იმედი მაქვს, ისე ტკბილად და თბილად არ დახვდებიან, როგორც ეს ქართველებმა ვიცით ხოლმე...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.