მესი ლიგის ფინალს დაელოდება
ლიონელ მესი წასვლაზე ფიქრობს, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გუნდს დატოვებს. გადაწყვეტილების მიღებაზე ორ ფაქტორს შეუძლია გავლენის მოხდენა, ერთი რონალდ კუმანის გეგმაა, რომლითაც მესი ვერ დაინტერესდა და ამ გეგმის არ სჯერა. მესის არ ჰგონია, რომ სუარესის წასვლით და გრიზმანის დარჩენით კლუბი იხეირებს, არც უსმან დემბელეს იმედი აქვს და კარგად ხედავს, რომ მთელი დაცვის ხაზი შესაცვლელია, "ბარსა" კი ამას ერთიანად ვერ გააკეთებს, ამასობაში დრო გადის და მას სულ უფრო მცირე შესაძლებლობა რჩება ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოსაგებად.
მესიმ იცის რა კონდიციაში უნდა იყოს გუნდი, იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, კუმანს ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია, მაგრამ საქმე ის არის, რომ მესის ამის აღარ სჯერა. ლეო ძალიან დაიღალა, კაცი, რომელმაც მისი კარიერის უდიდესი ნაწილი შეჭამა, კვლავ პოსტს იკავებს, ვიცით, რომ ლეოს ფავორიტი ჩავი ერნანდესი იყო, მაგრამ კუმანი მოუყვანეს. კუმანი ის მწვრთნელია, რომელიც აუცილებლად დაიწყებს გუნდის შენებას, ფონტი კი იმუქრება, რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც გავუშვებო. თუ მართლაც გაუშვებს, "ბარსას" ისევ თავიდან მოუწევს ყველაფრის დაწყება, თუ დატოვებს, მესი ჩავისთან მუშაობას ვეღარ მოასწრებს, ის პატარა ბიჭი უკვე აღარ არის. ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, იმის მაგივრად, რომ წარუმატებელი სეზონის მერე რაღაცები დალაგებულიყო, გუნდი უფრო დიდ ქაოსში ჩაემხო.
ერთადერთი, რამაც შეიძლება, რომ მესის დარჩენაზე დიდი გავლენა იქონიოს, ეს ნეიმარის ტრანსფერია. საუბარი არ არის იმაზე, რომ ბრაზილიელი მესის კარგი მეგობარია, მთავარი ამბავი აქ ის არის, რომ ნეიმართან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები გაცილებით მაღალი იქნება.
თავის მხრივ, მხოლოდ წასვლის სურვილიც არაფერს ნიშნავს, მან უნდა მიიღოს საინტერესო შეთავაზება, იმისათვის, რომ კლუბი დატოვოს. ჯერჯერობით ორი კლუბი აქტიურობს, "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი", თუმცა ლიგის დასრულების შემდეგ, არც პსჟ მოერიდება მესის გადაბირებას, ეს მათ შესაძლებლობას მისცემთ, რომ მბაპე და ნეიმარი შეინარჩუნონ, არავის მოუნდება წასვლა, მაშინ, როცა მესი კლუბში იქნება (იკარდის გარდა, რა თქმა უნდა).
"სიტის" უპირატესობა პეპ გვარდიოლა და ჩიკი ბეგირისტაინია. "სიტის" "ბარსელონიზაცია" ჯერ კიდევ ჩიკის გადაბირებით დაიწყო, მათი მიზანი პეპის, მესის და ინიესტას გადაბირება იყო, ერთ საწადელს მიაღწიეს და ახლა მეორეს შესაძლებლობაც გაუჩნდათ. პეპი მესის გარეშე ლიგას ვერ იგებს, მესი კი სწორედ პეპის ხელში იყო საუკეთესო.
"ინტერის" უპირატესობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კრიშტიანუ რონალდუა, მესის მთავარი მოტივატორი. ვნახეთ, რომ მის გარეშე მოიწყინა, სულ რაღაც 25 გოლი შეაგდო ლა ლიგაში, რადგან თავიდანვე ყველა დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა, სერია ა-ში მათი კონკურენცია გაგრძელდება და ეს ორივეს მისცემს იმის საშუალებას, რომ სათანადო დონეზე ითამაშონ. მესის მიზანი "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობა იქნება.
ლეოს წასვლაზე აქამდეც უფიქრია, მაგრამ ყოველთვის დარჩენას ამჯობინებდა. იქნებ ნანობს კიდეც, რომ აქამდე დარჩა და ყველაფერი ბართომეუს შესწირა?! სახლის დატოვება ყოველთვის რთულია. ყველაფერი ლიგის ფინალის შემდეგ გაირკვევა, რადგან ნეიმარი სწორედ ამ დროს მიიღებს გადაწყვეტილებას, პსჟ-ს მოხიბლვა კი ფრანგი თავდამსხმელების მეშვეობით არის შესაძლებელი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]