"ლა მასიას" ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელები
"ბარსელონას" აკადემია რომ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს, ალბათ, ყველასთვის ცნობილია.
მიმდინარე წლის ზაფხულში "ჟუვენილ ა-დან" "ბარსელონა ბ-ში" ახალი ტალანტები დაწინაურდნენ. Tribuna წარმოგივდგენს "ლა მასიას" 5 ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს.
არნაუ ტენასი
19 წლის მეკარე ესპანეთის მომავალ ვარსკვლავად ითვლება. გასულ წელს ტენასი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ რონალდ კუმანი პერსპექტიულ ფეხბურთელს პირველ გუნდთან ერთად ავარჯიშებს.
ილაიშ მორიბა
წარმოშობით გვინეელი ნახევარმცველი, რომელზეც დიდი იმედებს ამყარებენ, ასევე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გასულ სეზონში მორიბამ "ბარსა ბ-ს" რიგებში მონაწილეობა 11 თამაშში მიიღო და 1 გოლი გაიტანა. 17 წლის ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონში დასაწინაურებელ ფლეი ოფის სამივე მატჩში "ბარსელონა ბ-ს" ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარსია პიმიენტაც დიდ ნდობას უცხადებს.
კონრად დე ლა ფუენტე
ამერიკელი შემტევი პირველ გუნდთან უკვე მიმდინარე წლის ზაფხულიდან ვარჯიშობს. იგი კატალონიური გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "ბაიერნთან" გამართული მატჩებისთვის უხმო.
19 წლის მოთამაშემ "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდში მონაწილეობა 6 შეხვედრაში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.
ჟერარ ფერნანდესი - პეკე
17 წლის ფეხბურთელი "ლა მასიას" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ცენტრალურ თავდამსხმელად ითვლება. პეკემ "ბარსა ბ-ში" 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა შემტევს შესანიშნავად თამაში შეუძლია მარცხენა გარემარბის პოზიციაზე.
ნიკო გონსალესი
18 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს დაცვითი ფუნქციების დახვეწა ესაჭიროება, თუმცა იგი უკვე ძალიან კრეატიულ ფეხბურთელად მიიჩნევა. ნიკოს "ბარსა ბ-ში" არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, თუმცა მან 19-წლამდელთა გუნდის რიგებში უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა 6 თამაშში მიიღო და 1 ასისტი გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]