ვან პერსი: "მსაჯმა თამაში მოკლა"
"არსენალის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, რომელიც გაძევებულ იქნა მოედნიდან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონას" წინააღმდეგ, გამოთქვამს პრეტენზიებს მთავარი არბიტრის, მასიმო ბუზაკას წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფორვარდი მეორე ნახევრის დასაწყისში აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში, მსაჯმა დაუსტვინა, ლაინსმენმაც აღმართა ალამი, თუმცაღა რობინმა მაინც დაარტყა კატალონიელთა კარის მიმართულებით. ამის გამო ბუზაკამ მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და დაატოვებინა მოედანი. ამის შემდეგ უკვე "ბარსა" სრულ უპირატესობას დაეუფლა და მოწინააღმდეგეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა და "ბლაუგრანა" შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"ამ გაძევებამ მატჩზე ძალიან იმოქმედა. ეს უბრალოდ სასაცილოა. როგორ შეიძლება გამეგო მსაჯის სასტვენი, როცა სტადიონზე 95 ათასი მაყურებელი ხმაურობდა? როგორ შემეძლო მისი გაგება? ძალიან გთხოვთ ამიხსენით. ნამდვილად არ ვიცი რას აკეთებდა ეს მსაჯი. აშკარაა, რომ იგი "არსენალის" წინააღმდეგ იყო განწყობილი. საერთოდ როგორ მისცეს მას ასეთი მატჩის განსჯის უფლება? ეს უბრალოდ გასაოცარია. ბევრი ვეცადეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა: არ გაგვიმართლა არბიტრში, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს თამაში მოკლა." –ციტირებს ვან პერსის სიტყვებს Sky Sports.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]