გრიზმანი, ტრინკაუ თუ პედრი - ვინ ითამაშებს "კლასიკოში"? | კუმანის თავსატეხი
მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივი საფეხბურთო დაპირისპირება, "ელ კლასიკო", ნელ-ნელა ახლოვდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რონალდ კუმანს უფრო მეტი თავსატეხი უჩნდება.
Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ ითამაშებს "კლასიკოში" შეტევის მარჯვენა ფლანგზე - ანტუან გრიზმანი, ფრანსიშკუ ტრინკაუ თუ პედრი.
გრიზმანმა ლა ლიგის ოთხივე მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, მან თავი ვერაფრით გამოიჩინა. უფრო მეტიც, უნდა ითქვას, რომ ფრანგ ფეხბურთელს არასახარბიელო თამაშის გამო უკვე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.
ანტუანი ბოლო შეხვედრაში, "ფერენცვაროშთან" მატჩში, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. ამასთან დაკავშრებით ორი აზრი არსებობს - ერთნი ფიქრობენ, რომ 29 წლის ფეხბურთელი "რეალთან" თამაშისთვის დაასვენეს, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ კუმანმა ის ცუდი თამაშის გამო დასაჯა.
კატალონიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ტრინკაუს, პედრისგან განსხვავებით, ძირითადში თამაშის უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან იგი რეალურად მარჯვენა გარემარბია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს, უსმან დემბელეს სახით, კიდევ ერთი ვარიანტი აქვს, თუმცა, ახალდაბრუნებული ფრანგის "ელ კლასიკოს" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.
სხვა მხრივ, ივარაუდება, რომ "სამეფო კლუბთან" 3 დღეში გასამართ დაპირისპირებაში ძირითადი შემადგენლობა იგივე იქნება, რაც "ფერენცვაროშთან" შეხვედრაში იყო, თუმცა, მირალემ პიანიჩის ადგილს, დიდი ალბათობით, სერხიო ბუსკეტსი დაიკავებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]