გვარდიოლა და სუბისარეტა პატოსა და ნილმარს აკვირდებიან
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა "ვილიარეალის" თავდამსხმელს, ნილმარ ჰონორატო დე სილვას და იტალიური "მილანის" ფორვარდს, ალექსანდრე პატოს აკვირდებიან, იტყობინება AS.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას გეგმავს. სუბისარეტამ უკვე დაავალა თავის ქვეშევრდომებს, თვალი ადევნონ ხსენებულ ფეხბურთელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიური გრანდი "არსენალის" ნახევარმცველის, ფრანცესკ ფაბრეგასის შეძენასთან დაკავშირებით კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს ლონდონელებთან.
ნილმარ ჰონორატო დე სილვა1984 წლის 14 ივლისს დაიბადა (26 წლის). მისი საფეხბურთო კარიერა "ინტერნაციონალიდან" იწყება. 1999-2001 წლებში ის "ინტერნაციონალის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ხოლო 2002-2004 წლებში აღნიშნული გუნდის პირველ შემადგელობაში ირიცხებოდა. 2004-2006 წლებში ნილმარი "ლიონის" ღირსებას იცავდა. 2006-2007 წლებში ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი "კორინთიასის" რიგებში მოგვევლინა. 2007-2009 წლებში ის კვლავ "ინტერნაციონალს" დაუბრუნდა, ხოლო 2009 წლიდან უკვე "ვილიარეალის" საკუთრებაა.
ალექსანდრე პატო 1989 წლის 2 სექტემბერს დაიბადა (21 წლის). მისი საფეხბურთო კარიერა 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც პატო "ინტერნაციონალის" ახალგაზრდული გუნდის რიგებში ჩაირიცხა. 2006-2007 წლებში ის "ინტერნაციონალის" პირველი გუნდის წევრი გახდა, ხოლო 2007 წელს იტალიური "მილანის" მაისური მოირგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]