"ბრაზილიური სამბა"
ყოველთვის მინდოდა სტატია დამეწერა იმ სამ საყვარელ ფეხბურთელებზე, რომლებმაც "ბარსას" და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრად მაქციეს. ლუის ნაზარიო დე ლიმა(რონალდო), ვიტორ ბორბა ფერეირა(რივალდო) და რონალდო დი ასის მორეირა(რონალდინიო). დიახ, ეს სწორედ ის ტრიოა, რომელიც "ბლაუგრანას" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. მინდა რამდენიმე სიტყვით გადმოგცეთ ჩემი აზრი ამ ფეხბურთელების შესახებ.

"ფენომენი"
ლუის ნაზარიო დე ლიმა– ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთი შეძრა. ფეხბურთელი, რომელმაც მილიონობით ადამიანი ტელეეკრანებს მიაჯაჭვა საკუთარი, ფენომენალური თამაშით. რონალდო პატარაობიდანვე ბურთის "მეგობარი" იყო, ამას დაუმატა უსაზღვრო შრომა და მოგვევლინა ვარსკვლავად. ეს სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც გამოიცვალა უამრავი კლუბი, ხშირად გადადიოდა მოსისხლე მტრის ბანაკში, თუმცა თავისი ლამაზი ფეხბურთით მოაჯადოვა ხალხი და არ მისცა საშუალება მასზე ცუდი ეფიქრათ. რონალდოსთვის პირველი საუკეთესო სეზონი სწორედ "ბარსელონაში" იყო. ამ კლუბში მან მოიპოვა პირველი საერთაშორისო აღიარება და ოქროს ბურთი. "ბლაუგრანას" ფანების რიცხვმა იმატა მას შემდეგ რაც პირველად ნახეს რონალდოს თამაში კატალონიაში. შეეძლო მოედნის ნებისმიერ წერტილში განეხორციელებინა თავბრუდამხვევი დრიბლინგი, არასაგოლე მომენტი "გადაექცია" საგოლედ და თვითონვე დაეგვირგვინებინა. უნდა ავღინოშნოთ, რომ იგი იყო უბადლო შემსრულებელი მეკარესთან პირისპირ ყოფნისას. ამ ყველაფრის გამო მას იტალიაში უწოდეს "ელ ფენომენო".

"ცაცია"
ვიტორ ბორბა ფერეირა– ადამიანი, რომელმაც რონალდოზე არანაკლები გააკეთა(თუ მეტი არა ავტ.) "ბარსელონასთვის". რონალდოს წასვლის შემდეგ, სწორედ რივალდო მოგვევლინა გუნდის მეთაურად. ბრაზილიური სისხლის ფეხბურთელმა მართლაც არაჩვეულებრივი 5 სეზონი გაატარა "ბარსაში". ფეხბურთელს მართლაც შესაშური აღნაგობა ჰქონდა, იბრძოდა ნებისმიერ ბურთზე ნებისმიერ სიტუაციაში, გაჰქონდა ულამაზესი გოლები თავისი ცაციათი. ფეხბურთელს მართლაც არაჩვეულებრივი მარცხენა ჰქონდა. უძლიერესი დარტყმა ცაციათი და ბურთი კარის ბადეში ეხვეოდა. ალბათ გვახსოვთ მისი მაკრატელა, რომელიც "ვალენსიას" გაუტანა. საჯარიმოს ხაზიდან უძლიერესი, ულამაზესი და რაც მთავარია ურთულესი დარტყმა და გოლის აღნიშვნა. რივალდო ასევე ბრწყინვალედ ასრულებდა ჯარიმებს. აღსანიშნავია, რომ რივალდომ ოქროს ბურთი სწორედ "ბლაუგრანაში" ასპარეზობისას მოიპოვა.

"მოცეკვავე"
და ბოლოს ყველასათვის კარგად ნაცნობი რონალდო დი ასის მორეირა, იგივე რონალდინიო. ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იქნებოდა, საცეკვაო დარბაზში თუ მეოდანზე. ამ კაცს ყველაფერი გამოსდიოდა ბურთთან ერთად. ფლობდა შეუდარებელ, ფანტასტიურ ტექნიკას, უბადლოდ ასრულებდა ჯარიმებს. იგი სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა "ბარსას" ყველაზე მეტად სჭირდებოდა. გამოჩენაც არის და გამოჩენაც, მაგრამ რონალდინიომ პირველივე დღიდან, პირველივე წამიდან შეაყვარა გულშემატკივარს თავი. სადებიუტო შეხვედრაში, ულამაზესი შორეული დარტყმა განახორციელა და შეარხია მეტოქის კარი. რონალდინიომ "ჩაიბარა" გუნდი და უმაღლეს მწვერვალებზე აიყვანა. მისი თაოსნობით ბარსელონამ 2006 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გახდა ლიდერი საფეხბურთო სარბიელზე. სწორედ "გაუჩო" იყო ის პიროვნება, რომელსაც მთელი "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხზე წამოუდგა და ტაშის თანხლებით გააცილა. რონალდინიო იყო სწორედ ის, ვინც "ჩელსის" კარში გაიტანა ულამაზესი გოლი, როდესაც 5 კაცი გარს ეხვეოდა, ხუთივე გააბრუა სამბას ილეთებით და დაამწუხრა პეტერ ჩეხი.
სწორედ ამიტომ ავირჩიე სათაურად "ბრაზილიური სამბა". ყველას მოგეხსენებათ, რომ სამბა ბრაზილიური ცეკვაა და ფეხბურთში კი საუკეთესო მოცეკვავეები სწორედ ესენი იყვნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]