ლუის ენრიკე თავის ფეხბურთელებს აქებს
"ბარსა ბ"–ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ჟიმნასტიკზე" გამარჯვების შემდეგ თავის ფეხბურთელებს მიულოცა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მის გუნდს პლეი–ოფში თამაშის უფლება არ აქვს...
ლუის ენრიკე დღეს ბედნიერი მწვრთნელია. მან მატჩის შემდეგ, პრეს–კონფერენციაზე თავის ფეხბურთელები შეაქო: "ისინი გამარჯვებულები არიან. ძალიან მარტივია ამ გუნდთან ერთად ვარჯიში და მათი წინამძღოლობა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა."
"მინი ესტადზე" მატჩის გამართვას ძლიერი წვიმის გამო გადადება ემუქრებოდა. "ჩვენ ვორჭოფობდით შეგვეძლო, თუ არა თამაში, მაგრამ "მინიმ" წვიმას გაუძლო. ჩვენ ჩვენი სტილით თამაში შეგვეძლო და გუნდმაც ძალიან კარგი წარმოდგენა დადგა", განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა.
გუნდი ზედიზედ 4 თამაშია, რაც 3 ქულის მოპოვებას ახერხებს. ამ ზედიზედ 4 მოპოვებულ გამარჯვებაში კი ენრიკეს შეგირდებმა მეტოქე კარის დალაშქვრა 18–ჯერ მოახერხეს. "ეს ჩვენთვის საუკეთესო და ტკბილი მომენტია. სეზონის დაწყების წინ ჩვენ არ ვიცოდით, თუ რომელი ადგილისთვის უნდა გვებრძოლა. ახლა კი შეგვიძლია საუკეთესო სამეულში მოსახვედრადაც ვიბრძოლოთ", თქვა "ბარსას" ყოფილმა კაპიტანმა.
ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელი სინანულს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ მის გუნდს პლეი–ოფში თამაში არ შეუძლია: "ჩვენთვის და ხალხისთვის ეს დიდი მოტივაცია იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი მაინც საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]