რიკი პუჩმა მოიწონა პოსტი, რომელშიც რონალდ კუმანის კრიტიკას ვხვდებით
რიკი პუჩის გარშემო ისევ გაურკვეველი ვითარებაა შექმნილი და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უკვე თავად ფეხბურთელსაც მობეზრდა.
სეზონის წინ ცნობილი გახდა, რომ რონალდ კუმანმა 21 წლის ფეხბურთელს ახალი გუნდის მოძებნა ურჩია. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ეს მალევე დაადასტურა და განაცხადა, რომ პუჩს რჩევა მისცა, სათამაშო დროის მისაღებად სხვა კლუბში იჯარით წასულიყო. ფეხბურთელმა მაინც დარჩენა გადაწყვიტა.
მიმდინარე სეზონში პუჩმა მონაწილეობა 1 თამაშში მიიღო და მოედანზე მხოლოდ 3 წუთი დაჰყო. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კუმანი ახალგაზრდა ფეხბურთელს ფიზიკურ მომზადებას უწუნებს. ამის საპასუხოდ, ერთ-ერთი თამაშის დროს, რომლის განაცხადშიც პუჩი ვერ მოხვდა, მან სპორტდარბაზში გადაღებული სურათი დადო.
ახლახანს კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა Twitter-ზე დადო ვიდეო, სადაც მადრიდის "ატლეტიკოსთან" რიკი პუჩის თამაშია ნაჩვენები. ვიდეოს თან ასეთი ტექსტი ახლავს: "თქვენ ხედავთ, როგორ ითამაშა რიკი პუჩმა ფიზიკურად ძლიერ "ატლეტიკოსთან", მაგრამ ბევრს ის მაინც არ მოსწონს, რადგან კლუბის ლეგენდად წოდებულმა რონალდ კუმანმა ასე გადაწყვიტა."
რიკი პუჩმა ეს პოსტი მოიწონა, მაგრამ რას შემდეგ, რაც ფოტომტკიცებულება ინტერნეტში გავრცელდა, მოწონება გააუქმა.
რიკი პუჩსა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის, მაგრამ კლუბს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]