MD: შესაძლოა, კუმანმა "იუვენტუსთან" რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, "იუვენტუსთან" მატჩში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ კუმანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ცვლილებებს მეკარიდან დაიწყებს და კარს, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, ნეტუ მურარა დაიცავს.
დაცვაში, შესაძლოა, დაისვენონ ჟორდი ალბამ და კლემან ლანგლემ, მათ ნაცვლად კი ჟუნიორ ფირპო და რონალდ არაუხო ან სამუელ უმტიტიც კი ვიხილოთ, თუმცა ლანგლეს სათარიგოთა სკამზე ხილვა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ურუგვაელი ცენტრალური მცველი ახალი გამოჯანმრთელებულია, ფრანგის ამბავი კი კვლავ არაა გადაწყვეტილი.
კუმანი ნახევარდაცვაში ფრენკი დე იონგის დასვენებასა და, მის ნაცვლად, მირალემ პიანიჩის ან კარლეს ალენიას დაყენებას განიხილავს.
რაც შეეხება შეტევის ხაზს, ლეო მესი ძირითადში იქნება და სანატრელ მესი-რონალდუს დაპირისპირებას ვიხილავთ. არაა გადაწყვეტილი თუ ვინ დადგება მარცხნივ. უსმან დემბელეს გამოკლების შემდეგ, აქ ორი ვარიანტია: პედრი და ფილიპე კოუტინიო.
"იუვესთან" მატჩი, ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]