"ბარსელონას" ქალთა გუნდი "კამპ ნოუზე" ისტორიაში პირველად ითამაშებს
2021 წლის 6 იანვარი "ბარსელონას" ქალთა გუდისთვის ისტორიული დღეა. ამ დღეს "ბლაუგრანას" ქალთა გუნდი "კამპ ნოუზე" პირველად ითამაშებს.
წელს 50 წელი გადის მას შემდეგ, რაც ქალაქ ბარსელონას ქალთა გუნდმა "კამპ ნოუზე" ითამაშა. ქალაქ ბარსელონას გუნდს, სახელწოდებით Selecció Ciutat Barcelona, "ბარსას" ლეგენდარული მეკარე ანტონი რამალიეტსი წვრთნიდა. ამ გუნდს "ბარსელონასთან" ოფიციალური კავშირი არ ჰქონდა, ის "ბლაუგრანას" ფერებსაც კი არ იყენებდა. მიუხედავად ამისა, "სელესიო სიუტატ ბარსელონა" "ბარსელონას" ქალთა გუნდის ერთ-ერთ წინამორბედად ითვლება.
1970 წლის შობას ეს გუნდი "კამპ ნოუზე" "სენტელიას" დაუპირისპირდა. თამაშს, რომელიც უგოლოდ დასრულდა, ტრიბუნებიდან თვალი 60 ათასმა ადამიანმა მიადევნა.
ქალთა გუნდებს "კამპ ნოუზე" მანამდეც ჰქონდათ ნათამაშები. ეს 1967 და 1969 წლებში მოხდა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ის გუნდები მხოლოდ ამ თამაშებისთვის იყვნენ შექმნილნი, "სელესიო სიუტატ ბარსელონას" კი არსებობის გაგრძელების მიზანი ჰქონდა.
დღეს "ბარსელონას" უკვე ქალთა პროფესიონალური გუნდი ჰყავს, რომელიც იოჰან კრუიფის სახელობის სათადარიგო არენაზე თამაშობს. "კამპ ნოუზე" ამ გუნდს არასდროს უთამაშია, პირველად კი ეს 2021 წლის 6 იანვარს, "ესპანიოლთან" გასამართ დერბიში მოხდება.
თამაშს 50 წლის წინ გამართული მატჩის მონაწილე ფეხბურთელების ნათესავებიც დაესწრებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]