ბარსას მატეუს ფერნანდესისთვის ახალი კლუბის მოძებნა უჭირს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" გუნდის ნახევარმცველის, მატეუს ფერნანდესის გაყიდვა უნდა, მაგრამ მისი მსურველი კლუბი არ ჩანს, რაც გასაკვირი სულაც არაა - ბრაზილიელს მიმდინარე სეზონში თითქმის არ უთამაშია.
"ბარსამ" ფერნანდესი 2020 წლის იანვარში "პალმეირასიდან" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ტრანსფერიდან სულ რაღაც 4 საათში კატალონიელებმა მატეუსი "ვალიადოლიდში" გაანათხოვრეს, სადაც მან გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.
MD-ს ცნობით, 22 წლის შუახაზელი "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, თუმცა, "ბარსელონას" მისთვის ახალი კლუბის მოძებნა ძალიან გაუჭირდება, რადგან მან ამ სეზონში ერთადერთ მატჩში მხოლოდ 17 წუთი ითამაშა და ისიც 4 თვის წინ - 24 ნოემბერს კიევის "დინამოს" წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ფერნანდესმა 2020 წლის იანვრიდან დღემდე მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო.
მატეუს ფერნანდესის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის ზაფხულში იწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]