ტერ შტეგენის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მუხლის ოთხთავა კუნთის მყესზე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
მარჯვენა მუხლის რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტულ დროზე ჯერ არაფერი თქმულა, თუმცა, AS-ის ინფორმაციით, გერმანელ კარის დარაჯს მინიმუმ 2 თვე გაუცდება. უარეს შემთხვევაში კი გერმანელის დაბრუნებამ, შესაძლოა, ნახევარი თვით გადაიწიოს.
თავდაპირველად მარკმა ოპერაცია წინა წლის ზაფხულში ჩაიტარა, თუმცა ტკივილი ისევ აწუხებდა. ამიტომ, მან ევრო 2020-ის გამოტოვება, შვედეთში გამგზავრება და სხვა ქირურგთან ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. თავად იმედი აქვს, რომ ხელმეორე ქირურგიული ჩარევა უკვე საბოლოო შედეგის მომტანი იქნება და მუხლის არეში დისკომფორტს საერთოდ აღარც იგრძნობს.
მისი არყოფნის პირობებში "ბარსელონამ" სხვა მეკარის ძიება უკვე დაიწყო. ყველაზე რეალურ ვარიანტად ინიაკი პენიას ძირითად გუნდში დაწინაურება განიხილება. ასევე საუბარია ონანას დაბრუნებაზეც, თუმცა კამერუნელს ჯერ ივნისში ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გამართლება და მისჯილი დისკვალიფიკაციის გაბათილება სჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]