არგენტინა ჩემპიონია - ლეო მესის პირველი ტიტული ნაკრებში!
ცოტა ხნის წინ დასრულდა კოპა ამერიკის ფინალური დაპირისპირება, რომელიც "მარაკანაზე", ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ, ლიონელ მესის არგენტინამ, ანგარიშით, 1-0 მოიგო.
შეხვედრა "ალბისელესტესთვის" კარგად დაიწყო. 22-ე წუთზე, როდრიგო დე პაულის ბრწყინვალე პასის წყალობით, ანხელ დი მარიამ ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და ედერსონ მორაესს თავზე გადაუგდო.
მეორე ტაიმში ბურთის ფლობაში "სელესაოს" უპირატესობა გაიზარდა და 53-ე წუთზე რიშარლისონმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, თამაშგარე მდგომარეობის გამო, გოლი არ ჩაითვალა. მალევე, სწორედ მისი უძლიერესი დარტყმა ემილიანო მარტინესმა მოიგერია. ამის შემდეგ არგენტინელებმა თამაში შედარებით გაათანაბრეს და ორმხრივი შეტევები წავიდა, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. 88-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ ბარბოსამ კარგი შანსი მიიღო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. თავის მხრივ, ლიონელ სკალონის გუნდმა მეტოქეს ერთ წუთში უპასუხა - როდრიგო დე პაულის ბრწყინვალე პასის შემდეგ ედერსონთან პირისპირ ლეო მესი დარჩა, მაგრამ ამ უკანასკნელს ფეხი დაუცდა.
საბოლოოდ, დი მარიას გოლი გადამწყვეტი გამოდგა, რომელმაც არგენტინასა და ლიონელ მესის ნანატრი ტიტული მოაპოვებინა!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]