ხუთი ”კლასიკო” - ხუთი გამარჯვება
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ”ბარსელონა” მეექვსედ დაუპირისპირდება მადრიდის ”რეალს”. აქამდე გამართულ ყველა შეხვედრაში კატალონიელმა სპეციალისტმა გამარჯვება იზეიმა. მადრიდის ”რეალი”, ”სარაგოსა” და ”მალაგა” არიან ის გუნდები, რომლებმაც ყველა მატჩი დათმეს გვარდიოლას ”ბარსელონასთან”.
მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ხოსეპ გვარდიოლა ჩაუდგა, ”ბარსელონას” გამარჯვებების 100%-ანი შედეგი აქვს ”კლასიკოში”. გუნდმა ხუთი მატჩი გამართა ”რეალის” წინააღმდეგ და ხუთივე თავის სასარგებლოდ დაასრულა. შაბათს კი ”ბარსა” სტუმრად მადრიდს ეწვევა და გვარდიოლას ერაში რიგით მეექვსე ”კლასიკოს” გამართავს.
გვარდიოლამ მადრიდელთა სამი სხვადასხვა მწვრთნელის გამოწვევა მიიღო. 2008/09 სეზონში, როდესაც ”რეალს” სათავეში ხუანდე რამოსი ედგა, პეპის გუნდმა მეტოქე სტუმრად ”კამპ ნოუზე” მიიღო და ეტო’ოსა და მესის გოლების წყალობით დაამარცხა, ანგარიშით 2:0. საპასუხო მატჩში კი, რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, კატალონიელებმა 2:6 დაამარცხეს მასპინძლები. აღნიშნულ მატჩში ანრიმ და მესიმ დუბლები გაიფორმეს, ხოლო პუიოლი და პიკე თითო-თითო გოლს დასჯერდნენ.
გასულ წელს, როდესაც მადრიდელებს პელეგრინი წვრთნიდა, ”ბარსამ” ასევე ლიგის ორივე მატჩი მოუგო ”რეალს”. ”კამპ ნოუზე” იბრაჰიმოვიჩის გოლის წყალობით მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით (1:0) იმარჯვეს, ხოლო ”ბერნაბეუზე” თავი მესიმ და პედრომ გამოიჩინეს და საბოლოოდ ტაბლოზე 0:2 დაფიქსირდა.
მიმდინარე სეზონში, გასულ ნოემბერს, ბარსელონას მოურინიოს ”რეალი” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა. აღნიშნულ მატჩის მეათე წუთზე ანგარიში ჩავი ერნანდესმა გახსნა. 8 წუთში კატალონიელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა პედრო როდრიგესის გოლის წყალობით. მეორე ტაიმში დავიდ ვილიამ მესის გადაცემებით დუბლი გაიფორმა. ხოლო მატჩის დამატებით წუთებზე თავი ხეფრენმა გამოიჩინა. საბოლოოდ თამაში დასრულდა, ანგარიშით 5:0.
შედეგად, ხუთი მატჩის ჯამში ბურთების შეფარდება 16:2-ს შეადგენს, ”ბარსელონას” სასარგებლოდ. უნდა აღინიშნოს, რომ გოლების ნახევარი კატალონიელებმა მადრიდში გაიტანეს.
საგულისხმოა, რომ მხოლოდ მადრიდელებს არ აქვთ ყველა მატჩში განცდილი მარცხი გვარდიოლას ”ბარსელონასთან”. ლიგის ჩემპიონებმა ყველა თამაში მოუგეს ”მალაგასა” და ”სარაგოსას”. ”სარაგოსამ” პეპის ”ბარსასთან” ოთხჯერ წააგო, ხოლო ”მალაგას” ანგარიშზე ხუთი მარცხია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]