ბაიერნი და ნოიერი - დიდი გამოწვევა ტერ შტეგენისთვის
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
Mundo Deportivo-ს თანახმად, "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ თამაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ამასთან, მისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მნიშვნელოვანია მანუელ ნოიერის პირისპირ ბრძოლაც, რომელიც გერმანიის ნაკრებში მარკის კონკურენტია.
"ბარსას" ფეხბურთელის რანგში ტერ შტეგენი ნოიერს სამჯერ დაუპირისპირდა: პირველად 2015 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კატალონიელებმა გერმანელებს ორი მატჩის ჯამში 5-3 მოუგეს. პირველ შეხვედრაში ლეო მესიმ ნოიერს 2 გოლი გაუტანა, ერთი კი, სწორედ არგენტინელის პასით, ნეიმარმა, და "ბაიერნს" 3-0 მოვუგეთ. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, აქ გოლები მანუელმაც გაუშვა და მარკმაც - ნოიერს ნეიმარ ჟუნიორმა დუბლი შეუსრულა, ტერ შტეგენმა კი გოლები მედჰი ბენატიასგან, რობერტ ლევანდოვსკისა და ტომას მიულერისგან მიიღო.
ბოლოს ისინი ერთმანეთს 2020 წელს შეხვდნენ - ამჯერად, ჯახი "ბლაუგრანას" კრახით დასრულდა: ტერ შტეგენმა 8 ბურთი გაუშვა, ნოიერის კარი კი, დავიდ ალაბას ავტოგოლის გარდა, მხოლოდ ლუის სუარესმა აიღო, რომელმაც, ჟერომ ბოატენგის ეფექტურად მოტყუების შემდეგ, გერმანელს შანსი არ დაუტოვა.
კატალონიური გამოცემის აზრით, "ბარსას", იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც რთული პერიოდი უდგათ, კოლექტიური მოქმედება სჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]