რონალდ კუმანი 4-3-3 წყობას უბრუნდება: ბარსა ახალი შემტევი სამეულით ითამაშებს
"ბაიერნის" წინააღმდეგ 3-5-2 ფორმაციის გამოყენების შემდეგ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, მომდევნო მატჩში ისევ 4-3-3 წყობას დაუბრუნდება - წერს Sport.
"ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტრადიციული განლაგებით თამაში საკადრო პრობლემების გამო ვერ მოახერხა, ამჯერად კი ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდს მოედანზე ძველებური წყობით გაიყვანს.
კატალონიური გამოცემის ვარაუდით, "ბარსელონას" "გრანადასთან" ახალი შემტევი სამეული ეყოლება: ფილიპე კოუტინიო, ლუკ დე იონგი და მემფის დეპაი.
ალტერნატიული ვარიანტი შემდეგნაირია: სასტარტო შემადგენლობაში ლუკ დე იონგის ადგილს იუსუფ დემირი დაიკავებს, დეპაი ცენტრში გადაინაცვლებს, ფილიპე კოუტინიო კი ნახევარდაცვაში ითამაშებს.
დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაში უნდა შედგეს ანსუ ფატის დაბრუნებაც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბარსას" ახალი 10-იანი მოედანზე დაახლოებით 20 წუთს გაატარებს.
"ბარსელონა"-"გრანადა" "კამპ ნოუზე" ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]