ვინ შეცვლის კუმანს? 3 ცნობილი და 1 უცნობი კანდიდატი
რონალდ კუმანის "ბარსელონური" მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული. ზოგი წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონა" ნიდერლანდელის გაშვებაზე ფიქრობს, ზოგი ირწმუნება, რომ ხელმძღვანელობა მწვრთნელს ენდობა, ზოგიც კი გვაჯერებს, რომ ორივე წყარო სწორია და სინამდვილეში "ბლაუგრანას" დირექტორების აზრი გაყოფილია. დიდი ალბათობით სიმართლესთან ყველაზე ახლოს მესამე ვარიანტია.
კატალონიური ARA-ს ჟურნალისტი ხავიერ ერნანდესი იმ 4 კანდიდატზე გვესაუბრება, რომლებიც რონალდ კუმანის შეცვლის კანდიდატებად განიხილებიან. ეს სია ხუთკაციანი იქნებოდა, ჟორდი კრუიფს თანამემამულე კრუიფის ადგილის დაკავებაზე ლაპორტასთვის უარი რომ არ ეთქვა.
ალბერ კაპელიასი
ასეთი დასაწყისი ალბათ ყველას გაგიკვირდათ.
როდესაც საქმე მწვრთნელის სეზონის მიმდინარეობისას შეცვლაზე მიდგება ხოლმე, ერთ-ერთ ვარიანტად მისი შემცვლელის (როგორც წესი, დროებითის) კლუბის შიგნით მოძიების ვარიანტი განიხილება. წინა სეზონში ასეთი უმთავრესი კანდიდატი "ბარსა ბ-ს" მწვრთნელი გარსია პიმიენტა იქნებოდა. წელს "ბარსელონა ბ-ს" სერჟი ბარჟუანი წვრთნის, რომელიც, ლაპორტას აზრით, პირველი გუნდისთვის ჯერ მზად არაა.
ვინაა ალბერ კაპელიასი? საფეხბურთო სამყაროსთვის ის კარგად ნაცნობი სპეციალისტი არაა, თუმცა "ბარსელონაში" მას უცხო ნამდვილად არ ეთქმის. 1999-2003 წლებში "ბარსა ბ-ს" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, შემდეგ მთავარი მწვრთნელი ასისტენტი იყო ნიდერლანდებში, გერმანიაში, დანიაში, ისრაელსა და ჩინეთში. დანიაში ის 21 წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნიდა. ისრაელსა და ჩინეთში კაპელიასი ჟორდი კრუიფთან ერთად მუშაობდა და ნიდერლანდელი ალბერის მუშაობის მეთოდებს ძალიან აფასებს. სწორედ კრუიფის დამსახურებაა, რომ კაპელიასი "ბარსელონაში" დაბრუნდა.
ალბერ კაპელიასს უმაღლესი დონის გუნდში არასდროს უმუშავია, მაგრამ მისი სტილი ჟოან ლაპორტას მოთხოვნებს ერგება.
ალბერ კაპელიასი ამჟამად კლუბში მყოფი ერთადერთი ადამიანია, რომელიც შეგვიძლია რონალდ კუმანის პოტენციურ შემცვლელად მოვიაზროთ.
ჩავი ერნანდესი
ჩავის გარეშე აბა როგორ იქნება. ბოლო წლებში, როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელის ცვლილებაზე მიდგება საქმე, კლუბის ლეგენდის სახელი ყოველთვის ჟღერს, მაგრამ მისი დაბრუნება ვერ მოხერხდა და ამის დიდი შანსი არც ამჯერადაა.
დირექტორთა საბჭოს ნაწილი მისი დანიშვნის მომხრეა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა.
ჩავის დაბრუნების ხელშემშლელ ფაქტორად სახელდება ის, რომ მისმა გუნდმა სეზონი ახლახან დაიწყო. ასევე პრობლემას ქმნის ის, რომ ჩავი გუნდში სრულ ძალაუფლებას, სტრუქტურულ ცვლილებებსა და სამედიცინო შტაბის შეცვლას ითხოვს.
რობერტ მარტინესი
ხშირად გვესმის ბერლგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახელიც. ნაკრებში მისი თანაშემწე "ბარსელონასთვის" კარგად ნაცნობი ტიერი ანრია და თუ "ბლაუგრანამ" მარტინესი მიიწვია, ფრანგი ლეგენდა კატალონიურ გუნდშიც მისი ასისტენტი იქნება.
ლეო მესის გარემოცვის ინფორმაციით, რობერტ მარტინესი ლაპორტას მიერ ლეოსთვის შეთავაზებული სპორტული პროექტის ნაწილი იყო.
მარტინესს უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, მის არსენალში არაერთი ტაქტიკური ნიუანსია. პრობლემა ისაა, რომ ესპანელი 3 ცენტრალური მცველით თამაშს ამჯობინებს, ეს წყობა კი ლაპორტას არ მოსწონს.
მთავარი პრობლემა მარტინესის კონტრაქტია. ის ვალდებულია, ბელგიის ნაკრების მწვრთნელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე იყოს, ეს ტურნირი კი მომდევნო წლის არა ზაფხულში, არამედ შემოდგომასა და ზამთარში იმართება.
ერიკ ტენ ჰაგი
პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტი. ისინი ერთად "ბაიერნში" მუშაობდნენ და აშკარაა, რომ ნიდერლანდელმა ესპანელისგან ბევრი ისწავლა. მისი "აიაქსი" ნამდვილად თვალსასეირო და მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. მარტო ბოლო შედეგები რად ღირს - 5-1 ჩემპიონთა ლიგაზე და 9-0 ნიდერლანდების ჩემპიონატში.
პრობლემა ტენ ჰაგის შემთხვევაშიც კონტრაქტია - მას "აიაქსთნ" ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]