9 ლა მასიელი ლევანტესთან თამაშში
"ბარსელონამ" "ლევანტესთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და განწყობა გამოიკეთა. ბრწყინვალედ დაბრუნდა ანსუ ფატი, სადებიუტო გოლი გაიტანა ლუკ დე იონგმა, მაგრამ გუშინ კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტიც დაფიქსირდა.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ლევანტესთან" მატჩში მონაწილეობა "ბარსას" სკოლის 9 აღზრდილმა ფეხბურთელმა მიიღო. სასტარტოში 6-მა "ლა მასიელმა" ითამაშა - ჟერარ პიკემ, ერიკ გარსიამ, ოსკარ მინგესამ, სერხიო ბუსკტესმა, ნიკო გონსალესმა და გავიმ. მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ რიკი პუჩი, რონალდ არაუხო ("ლა მასიაში" არასდროს უთამაშია, მაგრამ "ბარსა ბ-ში" 2 სეზონი გამოდიოდა) და ანსუ ფატი, რომელიც 323 დღის შემდეგ ბრწყინვალე გოლით შთამბეჭდავად დაბრუნდა.
"ბარსას" სკოლის 9 აღზრდილიდან 7 ფეხბურთელი 22 წლის ან უფრო ახალგაზრდაა: გავი (17 წლის), ფატი (18), ნიკო (18), გარსია (20), პუჩი (22), არაუხო (22) და მინგესა (22). მიუხედავად იმისა, რომ სერჟინიო დესტი (20) და იუსუფ დემირი (18) "ბლაუგრანას" აღზრდილები არ არიან, მათ გუნდს საოცარი ახალგაზრდული სულისკვეთება შემატეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატალონიური კლუბის აღზრდილები არიან ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო და ინიაკი პენიაც. პირველ გუნდს დროდადრო საჭიროების შემთხვევაში "ბარსელონა ბ-ს" სხვადასხვა მოთამაშეები ეხმარებიან, მაგალითად, ალეხანდრო ბალდე. როდესაც ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ პედრი, ფრენკი დე იონგი და უსმან დემბელეც. აშკარაა, რომ გუნდს ნამდვილად ნათელი მომავალი აქვს, "ბარსელონა" კი ის ადგილია, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელები ვითარდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]