სუბისარეტა: "ჩვენ გამარჯვებისთვის მივდივართ"
ს.კ. "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, განაცხადა, რომ "ბარსა" მადრიდში ჩადის იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს და ყველას ანახოს საკუთარი ფილოსოფიის ძალა.
სუბისარეტა აეროპორტში შეხვდა მედიის წარმომადგენელებს მანამ, სანამ დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა. როგორც იცით, ხვალ, ოთხშაბათს, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე".
თამაშის სტილი
როდესაც სუბისარეტას ჰკითხეს, როგორ გრძნობდა გუნდი თავს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე, მან უპასუხა, რომ მშვენივრად და აპირებდნენ საკუთარი სტილით ასპარეზობას: "ჩვენ მივდივართ მადრიდში რათა ვიყოთ ძალიან კონკურენტუნარიანები, ვითამაშებთ საკუთარი სტილით და მივენდობით ჩვენს ფილოსოფიას ბოლომდე. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ის, რაც კარგად გამოგვდის".
დიდი სულისკვეთებით
სუბისარეტა არცერთ გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს: "ჩემპიონთა ლიგაზე არ არსებობს ფავორიტი გუნდი, აქ ყველა სახიფათო მოტოქეა". იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ გუნდს მიიჩნევენ ფავორიტად, სუბიმ განაცხადა: "ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მათ". ანდონიმ დაამატა, რომ: "ჩვენ ვეთამაშებით დიდებულ მეტოქეს, ამიტომაც დიდი სულისკვეთებით ვიასპარეზებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდები ყველაფერს გაიღებენ, რათა ოცნება აუხდინონ ფანებს".
1/2 ფინალში ზედიზედ მეოთხედ
კითხვაზე, რთულ მდგომარეობაში იყო თუ არა "ბარსელონა" რესურსების არ ქონის გამო, რადგანაც 4 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, სუბისარეტამ უპასუხა, რომ გუნდი ყველაფრისთვის მზადაა: "ჩვენ ზედიზედ მეოთხე წელიწადია, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვასპარეზობთ, ეს კი ჩვენი გუნდის სტაბილურობაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი გვაერთიანებს და გვხდის უფრო ძლიერ კლუბს".
შეცდომებზე სწავლის მნიშვნელობა
საბოლოოდ, სუბისარეტამ, რომელიც ამბობდა, რომ მნიშნველობა არ აქვს თასის მატჩი იქნება თუ ლიგის, "რეალი" და "ბარსელონა" ყოველთვის ლამაზად ითამაშებენ, განაცხადა: "ეს მატჩიც მსგავსი იქნება აქამდე გამართული "კლასიკოებისა". სამეფო თასზე განცდილი მარცხის შემდეგ სუბისარეტამ თქვა, რომ "ძალიან ბევრი ვისწავლეთ შეცდომებზე, ფეხბურთელები უფრო მობილიზებულნი იქნებიან და თავისუფლად ითამაშებენ. ზუსტად იგივეს აკეთებენ ოპონენტებიც".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]