ქალების ელ კლასიკოსთვის ყველა ბილეთი გაყიდულია
ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი ქალების "ელ კლასიკოსთვის" ყველა ბილეთი გაყიდულია. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით "ბარსელონამ" სარეალიზაციოდ გამოტანილი 85 ათასი ბილეთი უკვე გაყიდა. დანარჩენი 15 ათასი ბილეთის ათვისებას "ბარსა" კლუბის წევრებითა და სოციალური მიზნებისთვის თავად აპირებს.
თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ "ბარსელონას" 30 მარტს გასამართი შეხვედრისთვის ბილეთების 70% უნდა გაეყიდა, რადგანაც არსებული კოვიდ რეგულაციები სტადიონების სწორედ 70%-ით შევსებას ითვალისწინებს. თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, იმის იმედით, რომ მარტის ბოლოსთვის ქვეყანაში ვითარება გამოსწორებული იქნება, "ბლაუგრანამ" ბილეთების ოდენობა გაზარდა. არც ისაა გამორიცხული, ბოლო დღეებში "ბარსამ" დარჩენილი 15 ათასი ბილეთის ნაწილიც გასაყიდად გამოიტანოს.
იმ შემთხვევაში, თუ ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის "კამპ ნოუ" სრულად შეივსება, ეს მიმდინარე სეზონის რეკორდი იქნება. ასეთი დასწრება კაცების "ელ კლასიკოსაც" კი არ ჰქონია.
"ბარსელონა" ყველა ბილეთის გაყიდვას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. კლუბმა ბოლო განცხადება 14 იანვარს გააკეთა, როდესაც დაახლოებით 70 ათასი ბილეთი იყო გაყიდული. თუმცა ოფიციალურ ვებგვერდზე ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]