Sport ბარსელონას სატრანსფერო მიზნებზე
Sport-ის ჟურნალისტი ფერან კორეასი "ბარსელონას" სატრანსფერო მიზნებზე საუბრობს.
ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიური მუშაობის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა ზაფხულში უფრო კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნაზე იზრუნებს და მხოლოდ ერთი პოზიციის გაძლიერებით არ შემოიფარგლება.
ნომერ პირველი სამიზნე თავდამსხმელი იქნება, ჟოან ლაპორტას ოცნებას კი ერლინგ ჰოლანდის დამატება წარმოადგენს. კლუბს ნორვეგიელის ტრანსფერის სირთულე გაცნობიერებული აქვს და ყველაფერის გაკეთებას აპირებს, თუმცა მთავარი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება იქნება. თუ 21 წლის თავდამსხმელი "ბარსას" არ აირჩევს, კატალონიელები სხვა ცხრიანზე გადაერთვებიან და ფინანსებს არ დაიშურებენ.
"ბარსელონა" მნიშვნელოვან ყურადღებას დაცვის გაძლიერებას დაუთმობს. კლუბი განაპირა და ცენტრალური უკანახაზელების დამატებაზე იზრუნებს. ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კატალონიელები თავისუფალ აგენტებზე ინადირებენ. "ბარსას" ორი ფეხბურთელი: ანდრეას კრისტენსენი და სესარ ასპილიკუეტა უკვე შერჩეული ჰყავს. შეიძლება ითქვას, ეს უკანასკნელი ცალი ფეხით უკვე "კამპ ნოუზეა". ესპანელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რადგან მშობლიური ქვეყნის ჩემპიონატში თამაში სურს და "ბარსას" იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს. კატალონიურმა გრანდმა 32 წლის ფეხბურთელს 2+1-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, რაც სხვა კლუბების წინადადებებზე მისაღებია.
"ჩელსის" კიდევ ერთი უკანახაზელი, რომელიც "ბარსას" ინტერესის სფეროშია, ანდრეას კრისტენსენია, თუმცა მასთან მოლაპარაკებები წინ არ წაწეულა. დანიელმა "ლურჯებს" განუცხადა, რომ ზაფხულში უფასოდ წასვლას აპირებს. მისი დამატებით "ბარსელონა", "ბაიერნი" და რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდება. კრისტენსენის წარმომადგენელი იანვარში კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა და, როგორც გაირკვა, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი "ბარსას" წინადადებას დათანხმდება, რადგან მას ჩავის პროექტი ძალიან მოსწონს.
"ბლაუგრანა" მარცხენა მცველის მოყვანასაც აპირებს. ამ პოზიციაზე ჟორდი ალბას კონკურენტი არ ჰყავს. კატალონიელებს ყველაზე მეტად ხოსე გაია მოსწონთ და ელოდებიან, გაახანგრძლივებს თუ არა ის კონტრაქტს "ვალენსიასთან". მეორე ვარიანტი "ბენფიკადან" ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნებაა, რომელიც Transfermarkt-ზე 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]