როდის გაიმართება რაიოსთან გამოტოვებული თამაში?
იანვარში, ესპანეთის სუპერ თასზე მონაწილეობის გამო, "ბარსელონამ" ლა ლიგაში "რაიოსთან" თამაში ვერ მოახერხა.
ჯერჯერობით, გადადებული თამაშის ჩატარების თარიღი ცნობილი არ არის. შესაძლოა, ამ მატჩის გამო, ლა ლიგას ბოლო ორი ტურის გადადებამაც მოუწიოს.
დღეს, მადრიდულ გუნდს კოპა დელ რეის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი ელის. თუ "რაიომ" ფინალის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, გამოტოვებული მატჩი 23/24 აპრილს, ანუ, ფინალის დღეს გაიმართება. პირველი ნახევარფინალური თამაში გუნდმა "ბეტისთან", შინ, 1-2 დათმო.
თუ ანდონი ირაოლას გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა, ბარსა-რაიო შუა კვირაში, ევროტურნირებთან ერთად, ჩატარდება. ამისათვის, საჭიროა, რომ "ბლაუგრანა" ევროპა ლიგიდან გამოვარდეს.
თუ "ბარსა" ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, "რაიო" კი ესპანეთის თასის ფინალში, კალენდარში თავისუფალი თარიღი აღარ დარჩება. ვინაიდან, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორი ტურის მატჩები ერთდროულად იმართება, ლა ლიგას ამ ორი ტურის გადადება და გამოტოვებული მატჩის 36-ე და 37-ე ტურებს შორის ჩასმა მოუწევს.
მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს, რადგან ლა ლიგის ბოლო ტური 22 მაისსაა დაგეგმილი, ევროპა ლიგის ფინალი კი - 26 მაისს. ამასთან, "ბარსელონა" სეზონის დასრულებისთანავე ავსტრალიის ტურნეში გამგზავრებას გეგმავს.
ერთი სიტყვით, პრობლემების თავიდან ასაცილებად, დღეს, "ბეტისს" ვგულშემატკივრობთ. "რაიოს" ფორმის გათვალისწინებით, წესით, პელეგრინის გუნდს მოგება არ უნდა გაუჭირდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]